„ახლა უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ შემოვლნენ თუ არა პარლამენტში. „ევროპული საქართველოს“ მთელი კურიოზი იმაში მდგომარეობს, რომ მათ სიიდან 5 მანდატი ერგოთ, აქედან 4 დეპუტატი უკვე პარლამენტშია შემოსულია, თუმცა, არცერთი არ აღიარებს, რომ ისინი „ევროპული საქართველოს“ წევრები არიან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამ ორი პარტიის პარლამენტში შემოსვლას მნიშვნელობა აღარ აქვს ორი მიზეზი გამო: პირველი, 19 აპრილის ხელმოწერის შემდეგ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში კრიზისი ამოიწურა. ამით დასრულდა ის საკითხი, რომელიც შეეხებოდა პარტიებს შორის ურთიერთობებს და მეორე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, იმით, რომ 19 აპრილს შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო პარტნიორების თვალში დაადასტურეს, რომ ეს ორი პარტია არის რადიკალური პარტია და ამ ორი პარტიის ერთადერთი მიზანია, ძალაუფლების მოპოვება ძალით. 15 მაისის აქცია სწორედ იმიტომ გადაიდო, რომ მათ მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ არა მხოლოდ არჩევნებში, არამედ არც აქციებსა და არეულობის მოწყობაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამართვის მიზანშეწონილობა აღარ არსებობს.