logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით შევქმნათ ციფრული განვითარებისა და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის ერთნაირი შესაძლებლობები
- +

14 მაისი. 2021. 18:30

 

„ჩვენი ამოცანაა, რომ ყველას, მათ შორის სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა ისეთი მაღალი ხარისხის ინტერნეტზე, როგორც გვაქვს დიდ ქალაქებში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ციფრული განვითარებისა და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის ერთნაირი შესაძლებლობები მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

 

ეკონომიკის მინისტრმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პროექტის პირველი ფაზის წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი მაგალითი, როგორ შეიძლება სოფლად მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს წვდომა უმაღლესი ხარისხის ინტერნეტზე.

 

„ინტერნეტი არის ჩვენი ახალი თაობის, ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდების მომავალი, ეს არის დასაქმების შესაძლებლობა სწორედ სოფლიდან, სახლიდან გაუსვლელად, ეს არის უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა ყველგან, ყველა სოფელში და ქალაქში, ეს არის ასევე ადგილობრივი ტურიზმის განვითარების, სხვადასხვა ინტერნეტსერვისზე, ასევე სახელმწიფო პროგრამებზე უფრო მეტი წვდომის შესაძლებლობა საქართველოს ყველა რეგიონში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მედიასთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში 5 000 კმ. ოპტიკური ქსელი აშენდება, რომლითაც მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას მიიღებს საქართველოში მცხოვრები 500 000-ზე მეტი ადამიანი.

 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აშენდა 140 კმ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რაც 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 28 000-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა თანამედროვე სერვისებით. პროექტის განხორციელებით შეიქმნა შესაძლებლობა, თითოეულმა ოჯახმა მიიღოს 100 მბ/წმ, ხოლო დაწესებულებებმა – 1გბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი კომპანიის, „ოუფენ ნეტის“ მიერ აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურით და შემუშავებული მოდელით კერძო ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები – აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, „ღია დაშვების“ მომსახურების მიწოდებას. გურიის რეგიონში განხორციელებული საპილოტე პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკის, ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიების ფარგლებში ნათია თურნავამ პრეზენტაცია გამართა საყოველთაო ინტერნეტიზაციის დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner