იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რომ განიხილება მობილური ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც იმ ადამიანებს აცრიან საცხოვრებელ ადგილზე, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, თავად მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში.
„დღეისთვის ჩვენ გვაქვს სამი განსხვავებული ტიპის რეგისტრაციის შესაძლებლობა. ინტერნეტით, რითაც ძალიან დიდი ნაწილი სარგებლობს; სატელეფონო ცხელი ხაზით; რაიონებში, სადაც შეუძლებელია ინტერნეტის გამოყენება და შესაძლოა, სატელეფონო კავშირიც გართულებული იყოს, დასაშვებია ეგრეთ წოდებული ცოცხალი რიგის გამოყენება. ასევე განიხილება მობილური ბრიგადების ჩამოყალიბება და ადგილზე ვაქცინაცია იმ ადამიანების, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, თავად მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში. მაგალითად, როგორც მოხდა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, სადაც მივიდნენ ბრიგადები და ჩაატარეს ვაქცინაცია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ