დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით საუბარი იმის შესახებ, მოხვდება თუ არა იგი საარჩევნო სიაში ნაადრევია, რადგან კონსულტაციები არ დაწყებულა, თუმცა მინისტრი არაფერს გამორიცხავს.
როგორც სოზარ სუბარმა გადაცემაში 2030 განაცხადა, კოალიცია ახალ სახეებს ეძებს, რაც ბუნებრივია:
„დღეს ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ იმ ადამიანთა სიაში ვარ, რომლებსაც მალე სახლში გაუშვებენ. რომელიღაც გაზეთი წერს, რომ საპარლამენტო სიაში გადავინაცვლებ. იდეაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ დროისთვის, რამე ტიპის კონსულტაციები არ დაწყებულა. მე მაქვს სურვილი, რომ სამშობლოს ვემსახურო. საქმე კი, ხელისუფლებაშიც შეიძლება აკეთო და მის მიღმაც.
2012 წელს განსხვავებული ამოცანა იდგა. ყველანი ბრძოლაში ვიყავით და ამ ბრძოლას, სხვა ტიპის პირველი ხაზი, სხვა ტიპის კოალიცია სჭირდებოდა. დღეს, დემოკრატიულ სივრცეში, შესაძლოა, სხვა ტიპის სია და მოქმედებები დაგვჭირდეს. ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი ცდილობს, კოალიციაში რაც შეიძლება მეტი ადგილი და გავლენა ჰქონდეს. ეს ბუნებრივი, ჯანსაღი პროცესია. ახალი სახეების ძებნა მუდმივად მიმდინარეობს. სადაც განახლება არ მიდის, იქ სტაგნაცია იწყება და საქმე დაღუპულია." - განაცხადა მინისტრმა.