თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დ.ჭ. პატიმართა მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო, უცვლელად ძალაში დატოვა.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის 27 მარტს, დ.ჭ.-მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის კაბინეტში ოთხ მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შემლახავი მოპყრობით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც ისინი დაწესებულების ეზოში კვლავ სცემეს.
პატიმართა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების მხრიდან მოჰყვა აქტიური პროტესტი, კერძოდ, ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და შემდგომში მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ გამოიწვია სასჯელაღსრულების დაწესებულების ფუნქციონირების მოშლა. პატიმართა პროტესტის ტალღა მეზობლად მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 და N5 საპყრობილეებზეც გავრცელდა, რასაც საბოლოოდ ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს განვითარებული მძიმე მოვლენები მოჰყვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დ.ჭ. დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
2020 წლის 17 ივნისს გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და 2020 წლის 3 ივნისს განხორციელდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის დ.ჭ.-ს საქართველოში ექსტრადიცია და სასჯელის მოხდის მიზნით მოთავსებული იქნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
ამავე საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის სად-ის უფროსი ბ.ა., სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებით, 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. იმავე წელს, მოცემულ საქმეზე მსჯავდებული ბ.ა. შეწყალებული იქნა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიერ.