„ნაცმოძრაობა“, ზალიკო უდუმაშვილის პირით აცხადებს, რომ პარლამენტში შემოსვლის შემთხვევაში ტრიბუნას გამოიყენებენ იმისათვის, რათა დესტრუქცია გაგრძელდეს, ეს რეალური სურათია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ნაცმოძრაობამ“ პოლიტსუბიექტების მობილიზება გააკეთა თავის გარშემო და საზოგადოების ნაწილს დედის გინება ასწავლა ტელევიზიიდან... აქტივობები დაკავშირებულია გინებასთან და საზოგადოებისთვის მიუღებელ ფორმებთან. ადამიანი ციხეში მოათავსეს, რომ პოლიტიკური პატიმრის თემა წამოწეულიყო, ხოლო ადამიანების გარკვეული რაოდენობა კარვებში. დღეს მათ წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობა აქვთ, მაგრამ შედეგი დაინახეთ რა მოხდა - საზოგადოების ნდობა მათ მიმართ მინიმუმზე დაეცა, მათ შორის მხარდამჭერების მხრიდან და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობამ პირდაპირ უთხრა, რომ ესაა რუსული თამაში. აი ამ ორ ცეცხლს შუა გამოეკიდა „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის განცხადებით, დღეს ხელისუფლებას აწყობს პარლამენტში ნებისმიერი პარტია, რომელსაც მხარი დაუჭირა საზოგადოებამ თუმცა არის სამწუხარო მაგალითები.
„საკმაოდ განვითარებულმა დემოკრატიებმა თვეების განმავლობაში ვერ შეძლეს კონსენსუსამდე მისვლა, მაგალითად მთავრობის შექმნის საკითხზე. კერძოდ, ისრაელში მეოთხე არჩევნები ჩატარდა და კიდევ პრობლემაა და დიდი კითხვის ნიშანია შედგება თუ არა მთავრობა. მადლობა ღმერთს, საქართველოში მთავრობა შედგა, ვინაიდან არის მყარი უმრავლესობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიცია პარლამენტის, პოლიტიკური სპექტრისა და საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახდენს.
„კერძოდ ხდება პოლიტიკური სპექტრის ჩამოშორება საზოგადოების პოლიტიკური ინტერესებისაგან. მე ეჭვი მებადება, რომ იქნებ სწორედ ესაა მიზანი, რომ პოლიტიკური ცხოვრება და პარლამენტი აუტანელი გახდეს და საზოგადოებისათვის აბსოლუტურად მიუღებელი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.