„ვაქცინებთან დაკავშირებით, ჩვენ საკმაოდ ეფექტიან და წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვმუშაობთ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ჩვენ ვაქცინების მიღება დავიწყეთ, მეორეა უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია ზაფხულში „ფაიზერის“ დამატებითი დოზების შემოტანის შესახებ.
„ივნისი-ივლისის თვეებში ჩვენ დაახლოებით მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ჩართული ვარ. „ფაიზერის“ პრეზიდენტან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ქარხნებთან დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით. ასევე „მოდერნასთან“ და „ნოვავაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.