logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: მცდელობა იყო, რომ დმანისში პროცესები შეფასებულიყო, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება, რაც დაუშვებელია
- +

17 მაისი. 2021. 14:30

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტზე, მასშტაბი, რომელიც მან შეიძინა, უბრალოდ დაუშვებელია. ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია ადამიანების მცდელობები, რამენაირად ეს კონფლიქტი სხვა მიმართულებით წაიყვანონ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ დმანისში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის დმანისში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, რაც უპირველესი ამოცანა იყო.

 

„რასაკვირველია, ამის შემდეგ, ჩვენ ყველას გვმართებს ძალიან ყურადღებით, აკურატულად და ფხიზლად ამ მოვლენების შეფასება. აბსოლუტურად დაუშვებელი, ქართული ყოფიერებისა და ეროვნული ინტერესებისთვის მიუღებელი რამ ვიხილეთ არაერთი პოლიტიკოსისგან, ჟურნალისტისგან. აღარაფერს ვიტყვი, კონფლიქტში ჩართულ მხარეებზე, რომლებიც ზედმეტის უფლებას აძლევდნენ თავს. ვიხილეთ და მოვისმინეთ არაერთი მცდელობა, რომ პროცესები შეფასებულიყო, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება, რაც დაუშვებელია და არ არის რეალობა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner