logo_geo
eng_logo
ალი ბაბაევი დმანისში განვითარებულ პროცესებზე: ხელოვნურად გამოწვეული პროვოკაციაა
- +

17 მაისი. 2021. 15:41

 

 

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი დმანისში ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

 

როგორც ბაბაევმა „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, დაპირისპირება ხელოვნურადაა გამოწვეული.

 

„ეს ყველაფერი ხელოვნურად არის შექმნილი, უნდათ, ეთნიკურ აზერბაიჯანელებში კონფლიქტი გააღვიონ. ადგილობრივების ბრალი ისაა, რომ პოლიციას ინფორმაცია თავის დროზე არ მიაწოდეს. კონფლიქტის დასაწყისში ცემა-ტყეპა 10-15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ჩემთვისაა ცნობილი, როგორც ქართულ, ისე, აზერბაიჯანულ ჯგუფებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ. მას შემდეგ, რაც დმანისის ოლქში კახა ოქრიაშვილმა ვერ გაიმარჯვა, აზერბაიჯანულ თემში პროვოკაციის გამოწვევას ცდილობენ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევიან. ოქრიაშვილის გუნდის მიერ მობილიზებაა მომხდარი.

 

მივმართავ როგორც აზერბაიჯანულ, ისე ქართულ თემს, არ აჰყვნენ პროვოკაციას, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, უნდა დაემორჩილონ კანონს“, – განაცხადა ბაბაევმა.

 

მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება შსს-მ დღეს გაავრცელა.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

 

უწყების ცნობით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე რეაგირებას მოახდენს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს დმანისში ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

 

დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner