კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების პროცესშია. სკოლამდელი დაწესებულება აღსაზრდელთა ერთ ჯგუფზე აშენდა, აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, აღიჭურვება საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, მწვანდება ეზო, საბავშვო მოედანზე კი გასართობი საშუალებები მოეწყობა.
„სოფლის საბავშვო ბაღი დღემდე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული და ბავშვებისთვის საჭირო პირობებს ვერ აკმაყოფილებს. ახლის მშენებლობა კი დროული და მნიშვნელოვანია.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ხარისხი 2“ ახორციელებს მისი ღირებულება 474 896 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნა მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია. ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მალე დასრულდება სოფელ იგოეთსა და სადგურ მეტეხის დასახლებაშიც. საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ რენესა და ქვემო ჭალაში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობის პროცესი გაგრძელდება, რათა ყველა პატარას ჰქონდეს ლამაზ გარემოში ყოფნის შესაძლებლობა“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.