„ჩვენ როდესაც განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ვაპირებდით განაცხადის წარდგენას, ეს არ იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, არამედ ეს არის რეალობა,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ელოდება შედეგს. ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმა, რომელიც ვერ შესრულდება მხოლოდ მმართველი პარტიის მიერ. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ეს არის ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი ევროკავშირში მომავალ წევრობაზე. მთავარი ორგანო, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოა.
პარლამენტში 150 წევრია და 9 პოლიტიკური პარტია. აუცილებელია ერთობლივად მუშაობა და გვერდში დგომა. ჩვენ მთავარი მიზნის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. ეს მიზანია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია ყველასთვის, რომე შეგვიძლია ერთად მუშაობა. კარგი დასაწყისია და ასევე უნდა განვაგრძოთ გზა მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია. პარლამენტის დელეგაციაში ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.