logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ეჰ, აბა ახლა ბავშვები კომპიუტერში ვინცხა, თვალებდაკარკლულ, ვირტუალურ ქალებს და კაცებს ეთამაშებიან, ვირტუალურად იგებენ, აგებენ...
- +

18 მაისი. 2021. 02:10

 

 

არ ვიცი რამ გამახსენა, მაგრამ ამ ბოლო დროს, სულ ბავშვობის ამბები მეძალება. სოფელში რომ მივდიოდით მამა აააუცილებლად შევიდოდა გასტრონომში და როგორც წესი, პურებს და ტკბილეულს  ყიდულობდა - სქელ, ქაღალდის  ძაბრივით "კულიოკებში" ასაწონ კანფეტებს,  პრიანიკებს და შუაში პოვიდლოჩაწებებულ ზოლიან "პეჩენიებს".

ჩვენი, ბავშვების მოვალეობა კი ის იყო, რომ მივიდოდით, ბებია-ბაბუასთვის უნდა მიგვერთმია და ეს რიტუალი დედაჩემის ზედამხედველობით ტარდებოდა, სანაცვლოდ კი ბაბუას ტილოს "კიტელის" ჯიბეში ჩვენთვის კანფეტები სულ ჰქონდა და მე ყველაფერს მაინც ის მერჩივნა...

 

საღამოს  "ფეჩის" ოთახში რომ შევიკრიბებოდით,  ბაბუა  რომელიმეს გამოგვიძახებდა, თვალს ბებიას ცახოცით აგვიკრავდა და იწყებოდა თამაში, რომელიც მას მერე არსად მინახავს, თვალებაკრულს  მოწინააღმდეგე  ირგვლივ გვირბენდა და  გვეძახდა- ხვიტირიააა, ტაშ-ტაშ და თან ტაშს უტყაპუნებდა, თვალებახვეულს კი ხმით  უნდა გვეპოვნა მიმართულება და დაგვეჭირა. იყო ხორხოცი და ძახილი - აქით მოი ბებიაა, აა, გოგო კუთხისკენ წაიი, ეეე, ბიჯო, ახლოს ხარ... მერე ბაბუა მუხლებზე შემოგვიჯენდა, მის დიიიიდ ტორებს საფეთქელზე აქედან-იქედან შემოგვადებდა და იწყებოდა თავის ყანყალი, რომელსაც ფონად ახლდა  ტექსტი- საცერგობა მათხოვეეე, გავცრი გამოგიგზავნიი, მე ლამის თვალები მიელმდებოდა მაგრამ ვიცინოდი, სანამ ბაბუა გულზე არ მიმიხუტებდა...

 

ეეჰ, აბა ახლა  ბავშვები კომპიუტერში ვინცხა, თვალებდაკარკლულ, დაჯღანულ, ვირტუალურ  ქალებს და  კაცებს ეთამაშებიან, ვირტუალურად იგებენ, აგებენ, იცინიან და იქნებ  დაგვცინიან და რა იციან, ჩემი სიყვარულით და სითბოთი გატენილი ფერადი ბავშვობის სუნი და გემო! ხვიტირია ტაშ-ტაშ!!!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner