მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ დღეს ვირტუალურ ღონისძიებას უმასპინძლეს, სადაც განხილულ იქნა მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი ანგარიშის „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“ მიგნებები და რეკომენდაციები.
ინფორმაციას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ანგარიში იკვლევს საქართველოს პოტენციალს მწვანე და მედეგ განვითარებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს ეკონომიკური განვითარების იმგვარი მოდელია, რომელიც ეფექტიანად იყენებს ბუნებრივ რესურსებს, მინიმუმამდე ამცირებს დაბინძურებას და გარემოსადმი მიყენებულ ზიანს, და ავლენს მედეგობას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების მიმართ.
ანგარიში აფასებს სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწის და სანაპირო ზოლის დაბინძურებასთან და დეგრადაციასთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაკარგებს. 2018 წელს ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში 4 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ეკონომიკურმა დანაკარგმა 560 მლნ აშშ დოლარი - ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3 პროცენტი შეადგინა. სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწის დეგრადაციით გამოწვეული ხარჯები, რაც განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს მიწის დამუშავებით მოსაზრდოვე სოფლის ღარიბ მოსახლეობაზე, 128 მლნ აშშ დოლარით შეფასდა.
ლანდშაფტების აღდგენა ამ ადამიანთა შემოსავლის დეფიციტს, სავარაუდოდ, 6 პროცენტით შეამცირებს. კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო გაამწვავებს გარემოს დეგრადაციას, განსაკუთრებით, საქართველოს სანაპირო ზოლში. 2018 წელს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყალდიდობების, ეროზიის, ნარჩენების უმართაობისა და ნიადაგის დეგრადაციის ეკონომიკურმა ღირებულებამ სანაპირო ზოლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5 პროცენტი შეადგინა.
ანგარიში ხაზს უსვამს ბუნებრივი აქტივების მნიშვნელობას საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის და მიუთითებს იმას, რომ COVID-19 პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის აღდგენა ქვეყნისათვის უკეთესი, უფრო სამართლიანი და მწვანე განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
„მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის გვერდით დგას ეკონომიკის აღდგენის მწვანე გზაზე. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ტექნიკური ცოდნა, გამოცდილება და ანალიზი ხელს უწყობს საქართველოს მწვანე გარდაქმნას, რეაგირებას ახდენს ბუნებრივი რესურსების დეგრადაციაზე, ამცირებს რესურსებზე დამოკიდებული ადამიანების მოწყვლადობას და განსაზღვრავს მწვანე განვითარების სტრატეგიას, რომელიც შესაფერისი და ეფექტურია მთელი საქართველოსთვის - როგორც სანაპირო ზოლისა და დაბლობისთვის, ისე მთიანი რეგიონებისა და ქალაქებისთვის. ქვეყნის მთავრობამ აჩვენა, რომ ის მზადაა ეს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოს და ჩვენც საქართველოს გვერდით ვართ მწვანე განვითარებისკენ მიმავალ ამ გზაზე“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკის გლობალურ ცოდნას და მხარდაჭერას მწვანე განვითარების მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში. ევროკავშირის წევრობა ქვეყნის განვითარების გამწვანებას და „ევროპულ მწვანე გარიგებასთან“ შესაბამისობაში მოყვანას ნიშნავს, რომელიც მალე განვითარების თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდება.
„საქართველოს მთავრობა აღიარებს მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობებს ქვეყნისათვის და მისი მდგრადი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის განხორციელებისთვის, კერძოდ, სამუშაო ადგილების შექმნასისა და სიღარიბის დაძლევის კუთხით. პანდემიით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ვცდილობთ ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას მწვანე განვითარების მიმართულებით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ეკონომიკურ განვითარებაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების მნიშვნელობის გათვალისწინებით, დიდად ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მხრიდან ქვეყნის მწვანე გარდაქმნაში ჩვენს მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.
2015 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ იკისრა მდგრადი განვითარების გაძლიერებისა და გლობალური დათბობის შეზღუდვის ვალდებულება ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის ახლახან განახლებული დოკუმენტის საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებს სათბური აირების ემისიის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისათვის. ამ განახლებული დოკუმენტის ფარგლებში, საქართველომ 2030 წლისთვის აიღო სათბური აირების 35 პროცენტით შემცირების ვალდებულება, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წელს გლაზგოში დაგეგმილ მხარეთა კონფერენციაზე საქართველო და პარიზის ხელშეკრულების ყველა ხელმომწერი ქვეყანა წარადგენს ანგარიშგებას ამ სამიზნე მაჩვენებლების მიღწევისაკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
„მსურს, შევაქო საქართველოს მთავრობა ქვეყნის უნიკალური სანაპირო და საზღვაო რესურსების მნიშვნელობის აღიარებისთვის და კლიმატის ცვლილებისადმი სანაპირო ზოლში ადაპტაციის ღონისძიებების ხაზგასმისთვის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებულ დოკუმენტში. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, მათ შორის შავიზღვისპირა ტერიტორიებზე, და ტურიზმის აღდგენა COVID-19 პანდემიის შემდეგ ჩვენთვის პრიორიტეტულ ქმედებათა შორის იქნება“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების მიმართულების რეგიონულმა დირექტორმა, სტივენ შონბერგერმა.
ანგარიში მიუთითებს, რომ მწვანე განვითარების მოდელი მოითხოვს დარგობრივი პოლიტიკის სფეროში მთელი რიგი პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც გააძლიერებს ტყისა და ლანდშაფტების მართვას, განავითარებს კლიმატისადმი მედეგ სანაპირო ზოლს, ხელს შეუწყობს დაბინძურების შემცირებას და მრავალდარგობრივი მიდგომის შემუშავებას მდგრადი განვითარების მიმართ. მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს საქართველოსთვის მწვანე განვითარების გზის განმსაზღვრელ პლატფორმას, რომელიც ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევაზე იქნება ორიენტირებული. ამ გზაზე პრიორიტეტულ ღონისძიებებს შორისაა რესურსების ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკის დანერგვა, დაბალნახშირბადიანი განვითარება და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია. ასევე, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და გარემოს დაზოგვაზე ორიენტირებული დარგების და იქ შექმნილი სამუშაო ადგილების პოპულარიზაცია.