პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა და დღეიდან ისევ შეძლებს, უმასპინძლოს ვიზიტორებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახალ სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცევა.
„დღეს უკვე განახლებული პეტრას ციხე უმასპინძლებს ვიზიტორებს. 3 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობა მუშაობდა ამ პროექტზე. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მიხარია, რომ განახლებული ინფრასტრუქტურით შევხვდებით ახალ სეზონს. ასევე, აქ მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. დარწმუნებული ვარ, რომ პეტრას ციხე გახდება როგორც ქობულეთისთვის, ასევე მთლიანად აჭარისთვის ახალი, განახლებული ტურისტული მიმართულება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
პეტრას ციხეზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი დაიხარჯა.
აშენდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი და სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები, ავტოპარკინგი.