logo_geo
eng_logo
ზაალ კასრელიშვილი: რეგიონში კონფლიქტი მხოლოდ რუსეთსა და მის სპეცსამსახურებს აწყობდათ
- +

18 მაისი. 2021. 17:55

 

 

„რეგიონში კონფლიქტი მხოლოდ რუსეთსა და მის სპეცსამსახურებს აწყობდათ“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა კავკასიის საკითხებში, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა დმანისში ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

 

დმანისში განვითარებულ მოვლენებს კასრელიშვილი მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გამოეხმაურა.

 

„ჩვენ დმანისის რაიონის აზერბაიჯანულ მოსახლეობასთანაც და ადგილობრივ ქართველებთანაც კომუნიკაცია იმავე საღამოს გვქონდა. მომხდარი შეიძლება, შევაფასოთ, როგორც საყოფაცხოვრებო კონფლიქტი, რომელიც, ჩვენდა სამარცხვინოდ, მართლა ერთი ბოთლი ლუდის გამო დაიწყო. მაგრამ შემდეგ, მეორე დღეს უკვე ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც გარკვეული ძალები შეეცადნენ, ეს დაპირისპირება ეთნოკონფლიქტში გადაეზარდათ და შემდეგ თავისი კერძო ინტერესებისთვის გამოეყენებინათ. ამ რეგიონში ვის რა კერძო ინტერესი აქვს, სჯობს, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-მ გაარკვიონ“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

 

მისივე თქმით, ყოველთვის არის ძალა, რომელიც ქვემო ქართლში სიტუაციის არევას ცდილობს.

 

„რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს: მინდა, გითხრათ, რომ არევა ძალიან იოლია, დალაგება კი ძალიან ძნელი. ამას გეუბნებით კაცი, რომელიც 90-იან წლებში ქვემო ქართლში შერიგების პროცესს ედგა სათავეში. თუ ვინმეს არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ცხინვალის ოლქამდე და აფხაზეთამდე არეულობა ქვემო ქართლში იყო დაგეგმილი და მაშინ მოვახერხეთ, თავიდან აგვეცილებინა ეს კონფლიქტი. იმის შემდეგ დღემდე ყოველთვის არის ძალა, რომელიც ქვემო ქართლში სიტუაციის არევას ცდილობს. სულ არის ამის მცდელობა, ყველა არჩევნების წინ, ყველა პოლიტიკური აქტივობის წინ, ყველა საყოფაცხოვრებო კონფლიქტის შემდეგ, როცა ცდილობენ, ესა თუ ის დაპირისპირება ეთნოკონფლიქტად მონათლონ. დამნაშავეა მხარე, რომელმაც 1 ბოთლი ლუდის გულისათვის ჩხუბი ატეხა და დამნაშავეა მეორე მხარეც, რომელიც მეორე დღეს რამდენიმე ასეული კაცის შემადგენლობით აზერბაიჯანის დროშით ქართულ ეკომიგრანტებს მიადგა“, – გაანცხადა კასრელიშვილმა.

 

მანვე მოვლენების მედიაგაშუქება შეაფასა.

 

„ჟურნალისტიკის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ამ საყოფაცხოვრებო დაპირისპირებიდან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოვლენის შექმნა უნდოდათ. სამწუხაროდ, ჟურნალისტების შეცდომა იყო ის, რომ რატომღაც აზერბაიჯანელებთან დაპირისპირებულ მხარეს სვანებად მოიხსენიებდნენ. რატომღაც  ეთნიკური ჯგუფი გააჩინეს. სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, აჭარა, კახეთი, ქართლი და სხვა რეგიონები გეოგრაფიული სახელწოდებაა და არა – ეთნიკური. როცა პრეტენზია გაქვს ჟურნალისტობაზე და მედიასივრცეში გინდათ, ავტორიტეტულად ოპერირებდეთ, ურიგო არ იქნება, საქართველოს ისტორიაზე ხანდახან წიგნი წაიკითხოთ.

 

რაც შეეხება თქვენს გუშინდელ განცხადებებსა და მოვლენების გაშუქების ტენდეციას, ეს სუბიექტური იყო. ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომლებმაც არც მეტი, არც ნაკლები, იჭორავეს, ჩემი თხოვნა იქნება: საქმე აკეთეთ ქვეყნის სიყვარულით და არა – ვინმეს სიძულვილით და ყველაფერი ავტომატურად დაგილაგდებათ.

 

მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ან ერთი, ან მეორე მხარის წარმომადგენლების გასამართლება კარგ შედეგს არ მოიტანს. რომელიმე ან ორივე მხარე ყოველთვის უკმაყოფილო იქნება, რაც კონფლიქტის გაღვივების კერებს ისევ დატოვებს. მიგვაჩნია, რომ დამნაშავემ მსხვერპლს ბოდიში უნდა მოუხადოს. მსხვერპლმა დამნაშავეს უნდა შეუნდოს. კაცური სიტყვა უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი კონფლიქტი დიალოგის დონეზე გადაწყდება და არანაირი ძალადობა აღარ იქნება.

 

როდესაც არ არსებობს ერთიანი სისტემა, რომელიც პრევენციებზე იმუშავებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა მიზეზით გაჩენილ კონფლიქტებზე საფრთხე ყოველთვის იქნება. მიმდინარე პროცესები რეგიონში, სირიაში, უკრაინაში ძალიან სერიოზულად გვაფიქრებს და გვმართებს, სიფრთხილით მოვეკიდოთ როგორც ოპოზიციის, ისე – ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფლიქტი თუ არ აწყობდა ვინმეს, პირველ ყოვლისა, არ აწყობდა აზერბაიჯანს. კონფლიქტი ქართველებსაც არ აწყობდათ. ვის აწყობს ასეთი კონფლიქტი რეგიონში? თუ არ აწყობს აზერბაიჯანს, ე.ი. არ აწყობს თურქეთსაც. მაშასადამე, ეს კონფლიქტი მხოლოდ რუსეთსა და მის სპეცსამსახურებს აწყობდათ. პოლიტიკოსებსა და ზოგიერთ მედიასაშუალების მეპატრონეს მინდა, ვუთხრა, კარგად დაფიქრდით: რეგიონში რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესები თქვენს რეპორტაჟებსა და აჟიოტაჟს საეჭვოდ ხომ არ ემთხვევა ხოლმე? კარგად დაფიქრდით, რას აკეთებთ. ამ მთავრობის სიძულვილით კი არ უნდა აკეთოთ საქმე, არამედ – ქვეყნის სიყვარულით“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

 

ცნობისთვის, დმანისში ორდღიან კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეები გუშინ საღამოს შერიგდნენ. დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს ხელი მუნიციპალიტეტის მერიაში ჩამოართვეს.

 

დმანისის ცენტრში დაპირისპირება გუშინწინ ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც შემდგომში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება გუშინაც გაგრძელდა, ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, მხარეები ერთმანეთს ჯოხებსა და ქვებს ესროდნენ. შედეგად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც.

 

თამუნა შეყილაძე

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner