logo_geo
eng_logo
ლეილა კვირიკაშვილი: 2021 წლის 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მიწა მიიბარებს!
- +

19 მაისი. 2021. 00:52

 

100 წლის შემდეგ გენერალი გიორგი კვინიტაძე სამშობლოში ბრუნდება.....

 

2021 წლის 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მიწა მიიბარებს!

 

ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია სიხარულით გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, საქართველოს ჯარების მთავარსარდალი, გენერალი გიორგი კვინიტაძე საქართველოში ბრუნდება!

 

საქართველოს ისტორიაში არსებობენ პიროვნებები, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ სიცოცხლის შემდეგაც, მარადისობაში გადასულთ...

 

ასეთი პიროვნება ბრძანდება  გიორგი კვინიტაძე, ისევე როგორც ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი.

 

მისნაირი თავდადებული პატრიოტები, რომლებსაც ბედუკუღმართობის გამო  არ მიეცათ საშუალება ბოლომდე შებრძოლებოდნენ რუსის ჯარს, თუმცა მთელი ცხოვრება ამ ფიქრში და საქართველოს ერთიანობის იმედით ცხოვრობდნენ, სწორედ საქართველოს მიწამ უნდა მიიღოს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს გაერთიანება ყოველი ქართველის, საქართველოს მოქალაქის სანუკვარი ოცნებაა...

 

18 მაისს, 17 საათზე,  პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიაში ეკლესიის წინამძღოლი მამა არჩილ დავრიშაშვილი გიორგი კვინიტაძის  სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის, საფრანგეთის ემიგრაცია გამოემშვიდობება გენერალს, რომლის ნეშტს საქართველოში გადმოასვენებენ.

 

საქართველოში ჩაბრძანდებიან გენერალ გიორგი  კვინიტაძის შთამომავლები, რომლებიც გენერლის ქამარ-ხანჯალს გადასცემენ საქართველოს სახელმწიფოს.

 

ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემიისთვის ცნობილია, რომ 24-25 მაისს,  სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოკუპაციიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, გენერალი გიორგი კვინიტაძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში.

 

აქვე გთავაზობთ გიორგი კვინიტაძის ერთ მოგონებას, რომელშიც ის  თავს გადამხდარ ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც გამოხატულებაა იმისა, რომ მტერთან ბრძოლა, რუსის ჯარის გაყრა ყოველი ქართველისთვის სანუკვარია.

 

გიორგი კვინიტაძე:

„ვიყავი 15 — 16 წლისა, სამხედრო სკოლის მოწაფე. ერთხელ  მივდიოდი ძეგვის მიდამოებში, როცა შემხვდა გლეხი, ფარაჯაში.

 

,,გამარჯობა“, -გაგიმარჯოს“. გზა ერთი გვქონდა, მივდიოდით ერთად.

 “სალდათი ხარ“?

„არა. სალდათი არა ვარ.“

,,მაშ რად გაკვრია პაგონები?“

„სამხედრო სკოლის მოწაფე ვარ.“

„როცა გაათავებ სკოლას, სალდათი იქნები?“

„არა, თუ სკოლა გავათავე, გადამიყვანენ რუსეთში. და იქ კიდევ  ორი წელიწადი სამხედრო საქმეს მასწავლიან“

,,მერე, რაო?“- მითხრა.

„თუ კარგად გავათავე სწავლა, ვიქნები ოფიცერი.“

,,მერე. რაო?“ კიდევ მკითხა.

გამიჭირა საქმე და ვუთხარი: „გენერალი ვიქნები.“

,,მაშ კარგად ისწავლე და გახდი გენერალი“-ო.

,,მერე შენ  რა, ვიქნები გენერალი თუ არა?”.

,,როგორ თუ რა“?- მომიგო უცბათ: “გახდები გენერალი, გაგვიძღვები და გავყრით რუსებს“.

შევხედე გაკვირვებული და ვუთხარი: „რას ამბობ, რუსები ბევრნი არიან, მძლავრნი არიან.“

-მერე რაო, ამაყად მიპასუხა, ,,თუ ჩავერიე თქვენს როტაში, ამ  სახრით ათ კაცს გადავაბრუნებ“-ო.

მივედი სახლში, ვუამბე მამაჩემს, რომელმაც 58 წელიწადი  გაატარა რუსის ჯარში, ცხენოსანში.

„რა გაგიკვირდა, ჩვენში არა-ერთხელ ყოფილა ასეთი ამბავი,  როცა ჩვენს სამშობლოდან გაგვიგდია უფრო მძლავრი მტერი: მაგათ, უბრალო ხალხს, დაუჯერე, ესენი არ გიღალატებენ, ნასწავლ  ხალხზე კი რა გითხრა, შენ თითონ ნახავ.“

###

 

ვფიქრობ, გენერლის დაბრუნება სამშობლოში უმნიშვნელოვანესი და უდიდესი მოვლენაა საქართველოსთვის.... ესაა სიმბოლო იმისა, რომ   ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ,   ქართველები  კვლავ  ოკუპირებული მიწების გამოხსნაზე  და თავისუფლებაზე ვართ ორიენტირებულები...

 

ლეილა კვირიკაშვილი

ჟურნალისტი, მკვლევარი

საფრანგეთი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner