„საქართველო წარდგება ყველა თავისი ღირშესანიშნაობით, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უცხოელ ტუროპერატორებს, დეველოპერებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკას“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ესპანეთში ვიზიტზე საუბრისას განუცხადა.
„საქართველო, ერთ-ერთი უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანაა. მნიშვნელოვანია ესპანეთში ჩვენი ვიზიტი, რადგან ვისწრაფვით, რომ რეგიონში ყველაზე სწრაფად ტურიზმი ჩვენთან აღდგეს“, - განაცხადა თურნავამ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვია. მთავრობის მეთაური დღეს მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2021-ის გახსნას დაესწრება, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.