logo_geo
eng_logo
საგარეჯო-უდაბნო-დავითგარეჯის მონასტრის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
- +

19 მაისი. 2021. 10:59

 

 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 15 კმ-მდე მონაკვეთის პროექტირება-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, იწყება საგარეჯოდან 12 კმ-ში და სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე სრულდება.

 

„გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და მომლოცველებისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც. პროექტის ფარგლებში, დაზიანებული გზა სრულად რეაბილიტირდება, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა გზის საფუძველი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, შეკეთდება და მოეწყობა ახალი ხელოვნური ნაგებობები. ასევე, შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6.4 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

 

მოვლა-შენახვის ფარგლებში იგეგმება დამატებით სამი კილომეტრის მოასფალტება, რაც უკვე სრულად მოაწესრიგებს დავითგარჯამდე მისასვლელ გზას.

 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დასრულდა საგარეჯო-უდაბნო-დავითგარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის 13.4 კმ-იანი მონაკვეთის (კმ36-კმ49) რეაბილიტაცია. რეაბილიტირებული მონაკვეთი, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე იწყება და დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner