logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: გაგიმარჯოთ, ბატონო ნოდარ, ყველაზე კეთილსინდისიერი ადამიანი რომ ხართ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში
- +

19 მაისი. 2021. 13:55

 

 

დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა. მე მინდა მივულოცო საქართველოს  ყველა მუზეუმის თანამშრომელს ეს დღე. ათასზე მეტი მუზეუმი არის რეგისტრირებული საქართველოში. მე მათგან ერთ მუზეუმს გამოვყოფ. არა იმიტომ, რომ ის ყველაზე დიდია ან მდიდარი. არა! ის პატარაა, მაგრამ  ჩემთვის პატარა ტაძარია, სადაც რომ შევდივარ, ვგრძნობ, რომ ერთმა ადამიანმა შექმნა ყველაფერი აქ, დაუტოვა სახელმწიფოს, მიხვდა, რომ არავინ იყო სანდო ამ ქვეყანაში და თავის  დისშვილს და მის შვილს დაუტოვა ანდერძად, ჰაკი აძბასავით დასდგომოდნენ ამ მუზეუმს. ეს კაცი იყო იოსებ გრიშაშვილი, დაუტოვა თავის დისშვილს ანის, მის შვილს ნოდარ გრიგორაშვილს. ის დღემდე ასრულებს ამ მოვალეობას.

 

ბატონ ნოდარ გრიგორაშვილს ყველა იცნობს ალგეთის ქუჩაზე #1 ში. რომ არა ეს კაცი, მუზეუმი დღეს ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა.

 

ერთიც მინდა გითხრათ: საბჭოთა პერიოდში მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი  გააფორმა ავთო ვარაზმა. დაიშალა საბჭოთა სისტემა, დაიწყო არეულობები. ამ მუზეუმს ერთი ნემსი არ დაკარგვია. ბატონი ნოდარი თავის ოჯახთან ერთად ამ მუზეუმში ცხოვრობდა ერთ ოთახში. 10 წლის წინ შენობა ავარიული გახდა, სახურავი დაიჟანგა, გათბობის სისტემა მოისპო. სიცივეში ცხოვრობდა მუზეუმში ბატონი ნოდარი და დაჰკანკალებდა მუზეუმს. პირველად რომ ვეწვიე, ექსკურსანტები ჰყავდა, უყვებოდა ისტორიას გრიშაშვილის ცხოვრებიდან. მოვუსმინე და შემდეგ ერთ საგაზეთო ინტერვიუში მისგან გაგონილი მოვყევი, უზუსტოდ. ინტერვიუში ჩემი უზუსტობა უფრო მეტად გადააკეთეს და გამოვიდა ტყუილი.

 

ერთ დღეს თანამშრომელმა მითხრა: შენზე გაზეთში გრიშაშვილის მუზეუმის ხელმძღვანელი აღშფოთებული წერსო. წავიკითხე და ... მართალი იყო ეს კაცი. მინდოდა, მიწა გამსკდარიყო და ჩავეტანე. რა უნდა მეთქვა? გავიდა ხანი. დამჭირდა გრიშაშვილის ცალი ქართული წიგნის ბიბლიოგრაფიის მინაწერების ნახვა. მივედი მუზეუმში. გამომიტანა და გვერდზე დამიჯდა. სად მუშაობო, ვერ მიცნო. ეროვნულ ბიბლიოთეკაში-მეთქი. ვიგრძენი, რომ დაიმორცხვა და მეკითხება: თქვენთან თაქთაქიშვილი მუშაობსო? დიახ-მეთქი. თავი არ ამიწევია. როგორი კაციაო? გავხედე ქვევიდან. ძნელი სათქმელია-მეთქი. ზოგი აქებს, ზოგი აგინებს-მეთქი.

 

ჰო, კაცო, ტყუილი დაწერა გრიშაშვილზე, უხერხულში ჩამაგდო სანათესაოში, ავდექი და გაზეთში მიწასთან გავასწორეო. კარგი გიქნიათ-მეთქი.

 

წამოვედი. პატივისცემით ჩამომაცილა. ჰაერზე რომ გამოვედი, ამოვისუნთქე.

 

გავიდა წლები. ბატონმა კახმეგ კუდავამ მთხოვა, გრიშაშვილის ასი ლექსი უნდა დავბეჭდო და იქნებ შთამომავალს საავტორო ჰონორარზე დაელაპარაკოო. მივედი. უკვე იცოდა, რომ მე ვიყავი ლევან თაქთაქიშვილი. ვიცინეთ. ჰონორარის გარეშე დაბეჭდონო. ნაბეჭდი ცალები მისცენ მუზეუმსო. დაიბეჭდა ეს გამოცემა. ბატონმა კახმეგმა მთხოვა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გავაკეთოთ პრეზენტაციაო. მე ვურჩიე, გრიშაშვილის სახლ-მუზეუმში გააკეთეთ-მეთქი. დამეთანხმა. ამ პრეზენტაციაზე მედიაც იყო, ცნობილი ხალხიც.

 

ბატონმა ნოდარმა თავის სიტყვაში გამწარებულმა თქვა: უშველეთ ამ სახურავს, თორემ დაეცემა ამ ექსპონატებს და დამთავრდება ამ მუზეუმის ისტორიაცო. იქ „საქართველოს რესპუბლიკის“ ჟურნალისტები იყვნენ და სტატიაში ეს სიტყვაც დაბეჭდეს. რამდენიმე დღეში ბატონ  ნოდარს „ქართუს“ მოციქულები მიადგნენ. რა არის საჭიროო. აზომეს და მთელი მუზეუმი გაამაგრეს, გადახურეს, გათბობა-ვენტილიაციით. ბატონი ნოდარი ბედნიერია იმ დღიდან.

 

ერთი დღე რომ არა: იმ დღეს მკითხველი მივიდა. გამოიწერა წიგნები. მობილურზე გადაიღო. ბატონი ნოდარი ჩვეულებრივ დაუჯდა გვერდით. მეორე დღესაც მივიდა, ფეხმძიმე ცოლი მყავს თანო. ბატონი ნოდარიც დაუჯდა გვერდით. უცებ ქალმა: ცუდად ვარო, წყალიო, მოუტანა წყალი ბატონმა ნოდარმა. თურმე რა ფეხმძიმობა: ბალიში მუცელზე. გამოცვალეს წიგნები. აცნობა ეს ამბავი პოლიციას. დაიჭირეს ეს ვაჟბატონი. ნაწილი წიგნების დააბრუნეს. ნაწილი კეთილსინდისიერმა მყიდველმა იყიდა. მას შემდეგ არავის ენდობა. დაჰკანკალებს ფონდს. რას ნიშნავს კეთილსინდისიერი მყიდველიო, მკითხა ერთხელ.

 

გაგიმარჯოთ, ბატონო ნოდარ, ყველაზე კეთილსინდისიერი ადამიანი რომ ხართ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში. ვეცადოთ და დავივიწყოთ  ეს ამბავი. ასე სჯობს ჩვენთვის. ეს ქვეყანა არ გასწორდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner