logo_geo
eng_logo
ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულის საქმეზე საქართველოში ყაზახეთის საგამოძიებო ჯგუფი იმყოფება
- +

19 მაისი. 2021. 14:54

 

 

გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპატაევას გაუპატიურებაში ბრალდებული სიძის, მურატ მეირბეკოვის საქმეზე საქართველოში ყაზახეთის საგამოძიებო ჯგუფი იმყოფება.

 

როგორც  საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, უწყებას ყაზახურმა მხარემ სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა, რაც პროკურატურამ დააკმაყოფილა.

 

„ყაზახეთის მოქალაქის მ.მ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე ყაზახურმა მხარემ სამართლებრივი დახმარების თხოვნით მოგვმართა, რომელიც ქართული მხარის მიერ მყისიერად იქნა დაკმაყოფილებული. ამ დროისთვის, ყაზახეთის საგამოძიებო ჯგუფი უკვე საქართველოში იმყოფება და ქართველ კოლეგებთან ერთად საგამძებო მოქმედებებს ატარებს. ასევე, მათ ქართული მხარის მიერ ბრალდებულ მ.მ.-ს სისხლის სამართლის საქმის მასალები გადაეცათ.

 

როგორც მოგეხსენებათ, მ.მ. ყაზახეთში ტრეფიკინგის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო საქართველოში, 2021 წლის 14 მაისს ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი ყახაზეთის მოქალაქის ა.ა.-ს სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ, გაუპატურების ორ ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - აცხადებენ პროკურატურაში.

 

ცნობისთვის, 26 წლის ყაზახმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თოდუა დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ამასთან, პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა გარდაცვლილი ქალის სიძეს, მურატ მეირბეკოვს. ის გარდაცვლილი ქალის დედის საჩივრის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ ყაზახეთში დააკავეს, თუმცა ყაზახეთის პროკურატურის მიერ დაკავებულს ამ ეტაპზე ტრეფიკინგის ბრალდება აქვს წარდგენილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner