ცხელ-ცხელი ამბავი! საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, როგორც იცით, ორი წელია, ფუნქციონირებს ქართული ემიგრაციის მუზეუმი. ისიც ვიცი, გაგიკვირდებათ, რა ორი წელი, როცა 7 წლის წინ ემიგრაციის დარბაზი იყო ეროვნულ ბიბლიოთეკაშიო.
დიახ, მართალი ბრძანდებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში იყო დარბაზი, მაგრამ ქალბატონ რუსუდან შარაძის ინიციატივით და თსუ-ს რექტორის კეთილგანწყობით, ემიგრაციის მუზეუმმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდო ბინა.
ახლა საქმეზე გადავიდეთ, ვზივარ ერთ საღამოს სახლში და ჟენევიდან მირეკავს ქალბატონი რუსუდან შარაძე. საუბარში ახსენებს ლევილის სტამბის სასტამბო დანადგარს. ვეკითხები: სად არის ეს დანადგარი-მეთქი? ბატონ გურამს ჩამოუტანია ლევილიდან მარსელში, იქიდან გადმოტანაში ზვიად გამსახურდია დახმარებია, მაგრამ მისი აწყობა ვერ მოუხერხებია ბატონ გურამს: იატაკი ვერ გაუძლებსო, უთქვამთ. ამდგარა და ვიქტორ ნოზაძის სახელობის სკოლისთვის გადაუცია დროებით. შემდეგ დარჩა ასეო. მეორე დღეს ეს ინფორმაცია დოკუმენტური სიზუსტით მომიყვა ქალბატონმა რუსუდან კობახიძემ და თან დროებით გადაცემის აქტიც და სხვა საბუთებიც მანახა.
წავედი და ვნახე საჩხერის რაიონში სკოლა, სადაც ეს დანადგარი იდგა. გულმა რეჩხი კი მიყო - სოფელ ჭორვილას გვერდითა სოფელში იყო ეს სკოლა, ვაითუ ამ გადმოცემას შეეწინააღმდეგოს სოფლის თემი-მეთქი.
ჩვენი ბიბლიოთეკის ჭირთა მწყვეტელი ბატონი სიმონ ნოზაძე შევაწუხე, დავიწყე თუ არა პრობლემაზე საუბარი, ბატონმა სიმონმა პირდაპირ მითხრა: რა თქმა უნდა, ეს სასტამბო დანადგარი ემიგრაციის მუზეუმში უნდა იდგესო. ვიქტორ ნოზაძის საზოგადოებას დაველაპარაკებიო და ერთ კვირაში პასუხიც მოგვივიდა: გ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ი თ ო.
დღეს მოხდა ამ დანადგარის (ლინოტიპის) აწყობა ემიგრაციის მუზეუმის მთავარ საექსპოზიციო დარბაზში.
ახდა ბატონი გურამ შარაძის ოცნება, მუზეუმის ხელმძღვანელის რუსუდან კობახიძის, ამ მუზეუმის უპირველესი მზრუნველის - რუსუდან შარაძის ნატვრა!
იხილეთ ორი ფოტო: მამია ბერიშვილი ამ დანადგართან ლევილის სტამბაში და ეს დანადგარი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.