logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: იარაღის წარმოება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წმინდა საბრძოლო, არამედ ეკონომიკური კუთხით 
- +

19 მაისი. 2021. 19:09

 

„სიტყვა, ქცეული საქმედ! შესანიშნავი სიახლე, რომელიც ქვეყნის მტრების გარდა ყველას გაახარებს, საუბარი, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს და ებრაულ კომპანიას შორის, დღეს გაფორმებულ ხელშეკრულებას შეეხება. ხელშეკრულების თანახმად M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების მიზნით, ახალი ქართულ-ებრაული საწარმო სსსტც „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოს ამოქმედდება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოში M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას.

 

მისი თქმით, იარაღის წარმოება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წმინდა საბრძოლო, არამედ ეკონომიკური კუთხით, რადგან ფულადი მასა, რომელიც იარაღის შესაძენად ქვეყნიდან გადიოდა, ადგილობრივ ბაზარზე დარჩება და ეკონომიკის სტიმულირებას გამოიწვევს:

 

„ის, რომ საქართველოში იარაღის მასიური წარმოება დაიწყებოდა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე თვის წინ  დააანონსა. იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული  თავდაცვის მინისტრის, იმ დროინდელი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც აღნიშნულ პროცესს პირადად ზედამხედველობდა.

 

როგორც ვხედავთ, აქამდე გაწეული მუშაობა ნაყოფიერი იყო, რადგან  ჰიპოთეზური საუბრის ნაცვლად გვაქვს ფაქტი, რომ რამდენიმე თვეში ქართული არმია საქართველოში წარმოებული M-4 ცეცხლსასროლ იარაღს მიიღებს. მადლობა თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომლის თავდაუზოგავი შრომის  შედეგად, ხელშეკრულების უმოკლეს ვადებში გაფორმება გახდა შესაძლებელი.

 

როგორც ადრე აღვნიშნე, იარაღის წარმოება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წმინდა საბრძოლო, არამედ ეკონომიკური კუთხით, რადგან ფულადი მასა, რომელიც იარაღის შესაძენად ქვეყნიდან გადიოდა, ადგილობრივ ბაზარზე დარჩება და ეკონომიკის სტიმულირებას გამოიწვევს. საქართველოში წარმოებულ იარაღს ექნება ექსპორტის პოტენციალი. წინასწარ ძნელია საუბარი, მაგრამ დელტას გამოცდილების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში წარმოებული M-4 შაშხანა მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება, რაც ქვეყანაში დამატებითი ფინანსური რესურსის შემოსვლას/მობილიზებას მოახდენს.

 

იარაღის წარმოების დაწყება, ასევე, მნიშვნელოვნად აამაღლებს საბრძოლო სულისკვეთებას და თვითრწმენას. შეუძლებელია იფიქრო წარმატებაზე, როდესაც იმპორტზე ხარ დამოკიდებული და შენ არაფერს აწარმოებ, თავდაცვის სამინისტროს პროგრესი მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს სხვა სექტორებისთვის, რომ თავდაუზოგავი შრომის შედეგად  არა მხოლოდ სამხედრო ინდუსტრიის, არამედ სხვა დარგების განვითარებაც შესაძლებელია. მიბაძე თავდაცვას!“ - ამბობს დავით ჩიხელიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner