„შესაძლოა საარჩევნოდ არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანდეს, რის თაობაზეც მოლაპარაკებები პარტიებს შორის უკვე დაწყებულია",- ამის შესახებ „საქართველოს პარტიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე", ზვიად ავალიანის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში" განაცხადა. ინფორმაცია დაწყებული მოლაპარაკებების შესახებ დაადასტურა სტუდიაში მყოფმა ჯონდი ბაღათურიამაც.
„პატრიოტთა ალიანსი" გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ოპოზიციური პარტიების ფართო გაერთიანება, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები არასაპარლამენტო ოპოზიციის იდეის გარშემო გაერთიანების თაობაზე, რათა ჩვენ ასეთ ფორმატში გავიდეთ არჩევნებზე, თუმცა, არის ერთი მთავარი პირობა, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, რომ რამდენიმე თვეში, ამ შემადგენლობამ თავიდან ბოლომდე უნდა შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, შექმნას მართლაც სამართლიანი და თავისუფალი გარემო არჩევნებისთვის და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები იქნება ის არჩევნები, სადაც ხალხი გამოხატავს მართლა მის თავისუფალ ნებას. 2016 წლის არჩევნები რომ თავისუფალი არ იქნება, ჩვენ ეს უკვე წინასწარ ვიცით",- აცხადებს ინაშვილი.
მისივე თქმით, ეს გაერთიანება არ იქნება იდეურად დაკავშირებული პარტიების ერთიანობა.
„ხაზს ვუსვამ, ეს არ იქნება ერთმანეთთან იდეურად დაკავშირებული პარტიების ერთიანობა, ჩვენ ყველას განსხვავებული მსოფლმხედველობა გვაქვს; ჩვენ შევთანხმდებით იმ მთავარ იდეაზე, რომ ჩვენ პარლამენტში იმიტომ შევდივართ, რათა შევცვალოთ არსებული მახინჯი საარჩევნო კანონმდებლობა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.