რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
„კონსტრუქციული საუბარი შედგა. არსებობს გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა არაჯანსაღი სიტუაციის გადალახვა, რომელიც წინა წლებში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეიქმნა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ენტონი ბლინკენი და მისი გუნდი მზად არიან, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემები გადაჭრან.
„დღეს ჩვენ დავადასტურეთ წინადადება დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით, ყველა ასპექტის, ყველა ფაქტორის განხილვით, რომელიც გავლენას ახდენს სტრატეგიულ სტაბილურობაზე: ბირთვული, არაბირთვული, შეტევითი, თავდაცვითი“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა.