სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერო-ს სხვადასხვა მისიის ხელმძღვანელები.
შეხვედრაზე განიხილეს გაერო-ს 2021-2025 წლების მდგრადი განვითარების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი გასული წლის შემოდგომაზე მოეწერა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობაა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, გაერო-ს და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და მუნიციპალიტეტების როლზე ხელშეკრულების განხორციელებაში. მოხდა ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვა.
„ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ გაეროს სხვადასხვა პროგრამებთან, მინდა გამოვყო გაერო-ს განვითარების პროგრამა - ამ პროგრამის ფარგლებში გასულ წელს ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით განხორციელდა სამი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამჟამად მიმდინარეობს კიდევ სამი პროექტი. გარდა ამისა, პროგრამის დახმარებით, მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 3 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჯამში კი ჩვენს რეგიონში არსებული პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყო 836 ათასზე მეტი ლარი“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.