logo_geo
eng_logo
ქართულ-ყაზახური კომპანიის დამფუძნებელი, რომელთანაც 26 წლის ასელ აიტპაევა მუშაობდა, ყაზახეთში გამოკითხვაზე დაიბარეს
- +

20 მაისი. 2021. 15:38

 

ქართულ-ყაზახური კომპანიის დამფუძნებელი აიდოს შაირვედინოვი, რომელთანაც გარდაცვლილი 26 წლის ასელ აიტპაევა მუშაობდა, ყაზახეთში გამოკითხვაზე დაიბარეს.

 

როგორც შაირვედინოვის ადვოკატი მაია უსტარაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყაზახეთში რამდენიმე დღეში გაემგზავრება და ჩვენებას მისცემს.

 

ადვოკატის თქმითვე, ყაზახეთში გამოკითხვაზე სხვა პირებიც - კომპანიის თანამშრომლები გამოიძახეს.

 

„მას არანაირ ტრეფიკინგში არ მიუღია მონაწილეობა და თვითონ ეს ადამიანი დაზარალებულია, საქართველოში კომპანია გააკეთა, პატიოსნად მუშაობდა, არანაირი დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია. ეს ადამიანები შემთხვევით გაცნობილები და საქმეში ჩართულები არიან. მან გოგონას გარდაცვალების ფაქტი მეორე დღეს გაიგო. გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც მისთვის ცნობილი იყო საქართველოში ჩამოსვლის, კომპანიის შექმნის დღიდან, საიდან იცნობდა ამ ადამიანებს. ტრეფიკინგი არსაიდან დადგენილი არ არის“, - განაცხადა უსტარაშვილმა.

 

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ასელ აიტპაევასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, მას ახლოსაც კი არ იცნობდა.

 

„აიდოსს ერთხელ თუ ორჯერ ჰყავდა ნანახი, ერთხელ - კომპანიაში როცა მიიყვანეს და მეორედ, როცა თბილისში ტანსაცმლის საყიდლად დაბრუნდა. საერთოდ არაა ტრეფიკინგზე საუბარი, საიდან მოიტანეს“, - განაცხადა უსტარაშვილმა.

 

ის დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოწმის სტატუსი არ შეეცვლება.

 

საქართველოში მიმდინარე გამოძიების პარალელურად, ქვეყანაში ყაზახეთის საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვიდა. ისინი ასელ აიტპაევას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ბესიკ თოდუას დაკითხავენ.

 

ცნობისთვის, 26 წლის ყაზახმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თორდუა დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ამასთან, პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა გარდაცვლილი ქალის ნათესავს, მურატ მეირბეკოვს. ის გარდაცვლილი ქალის დედის საჩივრის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ ყაზახეთში დააკავეს, თუმცა ყაზახეთის პროკურატურის მიერ დაკავებულს ამ ეტაპზე ტრეფიკინგის ბრალდება აქვს წარდგენილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner