„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მთლად ასე ყველაფერში თუ ერკვეოდა, არ მეგონა“, - ამ სიტყვებით პაასუხობს „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებას, რომლის თანახმად, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ივანიშვილის აშენებულ სარაგბო ბაზას აფინანსებენ.
ბოჟაძის თქმით, არათუ ქართული, არამედ მსოფლიო რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბიძინა ივანიშვილს ჯილდოც კი გადაეცა:
„სპორტის საკითხებითაც დაინტერესებულან, კერძოდ რაგბით. „რაგბი ჩვენი თამაშია“ რომ ვამბობთ და ასე ვამაყობთ ჩვენი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებებით, იმით, რომ სპორტის ამ სახეობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ბავშვი და ახალგაზრდა ვარჯიშობს, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ რაგბის ინფრასტრუქტურის და კლუბების განვითარებაში ფონდმა „ქართუმ“ ათეულობით მილიონი ლარი ჩადო და ეს სრულიად უანგარო ქველმოქმედება ახლაც გრძელდება. არათუ ქართული, არამედ მსოფლიო რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბიძინა ივანიშვილს ჯილდოც კი გადაეცა.
რა მიზანს ემსახურება ასპინძის სარაგბო ბაზის გარშემო „კვლევა“, რატომ ხდება მიზანმიმართულად ერთ-ერთი ყველაზე საამაყო, წარმატებული, პოპულარული და მასობრივი სპორტის სახეობის დისკრედიტაცია? მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე ჩირქი მოსცხონ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელ ადამიანს? მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ასეთია პოლიტიკური დაკვეთა? მთლად ასე „საერთაშორისოდ გამჭვირვალედ“ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ შეიძლება, არა! არ შეიძლება გაქცეული მთავარსარდლისგან ბრძანებების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანი ხარ, ეკა“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.