„სააკაშვილის ეს განცხადება ძალიან ჰგავს კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირის განცხადებას. ჩვენ გვახსოვს, რომ ის კრიმინალია ძალაში შესული არაერთი განაჩენით, რომელიც მას შეუძლია დაადასტუროს ან თავი გაიმართლოს, თუ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რიტაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ნიკა მელიამ „ციხის შიში გააქრო“.
„სააკაშვილს მისჯილი აქვს სასჯელები. შესაბამისად ამგვარი კრიმინალის კრიმინალური განცხადება არის ეს. მინდა მას ვუთხრა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელმაც ციხე შიშისგან გაათავისუფლა. ამას ვაცხადებ როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი - პატიმრებმა დღეს იციან, რომ როდესაც შედიან ციხეში დამსახურებული სასჯელის მოსახდელად, მათ არ ემუქრებათ იქ არც წამება, არც შიმშილი, არც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა და ციხის ადმინისტრაცია არის მათ სამსახურში. ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“.
ჩემი მინისტრობის 8 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი გვსაყვედურობდნენ - „ქართულმა ოცნებამ“ ციხეებში შიშის გაქრობით ხელი შეუწყო კრიმინალის ზრდასო. საქმე გვაქვს უპრინციპო და უპასუხისმგებლო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთან, რომელიც ჯერ ამბობს ჩამოვალო და არ ჩამოდის, შემდეგ მისი პარტიის ფორმალური ხელმძღვანელი, ბატონი მელია ამბობს, რომ ვერ დამიჭერთო და იჭერენ, გირაოს არ გადავიხდიო და უხდიან, თუ გადამიხდიან არ გამოვალო და მაინც გამოდის. ახლა ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ არ ეთანხმებოდეს ამნისტია და შედეგ თავად მოითხოვოს ის.
მე არც ის გამიკვირდება, რომ ამგვარი უპრინციპო და უთავმოყვარეო ოპოზიცური პარტიის ლიდერებმა ერთ მშვენიერ დღეს განაცხადონ, რომ პარლამენტში შესვლა საჭიროა და ერთმანეთს დაასწრონ პარლამენტში შესვლა. მე მინდა ამ გამარგინალებულ უპასუხისმგებლო ძალას ვუთხრა, რომ დროა, არჩევნები კარს არის მომდაგრი, თუ აქვთ სურვილი რაიმე შედეგი აჩვენონ დასერიოზულდნენ და შეუდგნენ საპარლამენტო ცხოვრებას. არა იმიტომ, რომ ეს მე ან თქვენ გჭირდებათ, მათ სჭირდებათ და მათ ამომრჩეველს, რათა მათი ინტერესები იყოს პარლამენტში წარმოდგენილი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.