სკოლის დამთავრების "ბოლო ზარით" აღნიშვნის ტრადიციასთან დაკავშირებით სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:
„რამდენჯერაც შემოვიხედე დღეს, იმდენი ბოლო ზარის ფოტო დამხვდა. გოგოების და ბიჭების;
ბავშვების, რომლებიც ხვალიდან დიდ ცხოვრებას იწყებენ;
როგორი დღეა არაა?
ქორწინებაც კი შეიძლება რამდენიმე გამოვიდეს;
ეს დღე ერთია;
ერთხელ არის და მორჩა - ბოლო ზარი.
-----
36 წელია ეს წინსაფარი არ ვიცოდი სად მქონდა შენახული; თან იმდენი საცხოვრებელი გამოვიცვალე ამ წლების მანძილზე... ალბათ დედას დაქონდა და ინახავდა, მე არ მახსოვს;
ჰოდა, ზუსტად დღეს დედას უჯრაში ზაფხულის ტანსაცმელს ვეძებდი და გახუნებულ პარკში ეს ვიპოვე.
იქვე ვარდისფერი რვეულები იდო, ჩემი დაწერილი ქართულის თემებით და ქვემოთ დაწერილი ორი ცალი ნიშნით თინა მასწის და ლელა მასწის გასწორებული თემები...
გული ამომიჯდა, გამოვაქანე დედაჩემთან და მივხვდი რომ აზრი არა აქვს. დახედა და არაფერი.
მერე გამოვედი ჩემს ოთახში, ჩავიხუტე ეს ძველი წინსაფარი და იმდენი ვიტირე, სადამდეც შევძელი;
წავიკითხე ყველა გვარი, ყველა სახელი; თვალწინ დამიდგა ჩემი სკოლის ეზო, ჭრელი ფლომასტერები, ჩვენ ყველა
და ყველა ცოცხალი!
დავხედე ამ ფორთოხალს, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის თილისმას, მერე წავიკითხე „ZICO", მერე გამახსენდა რომ ზვიად ბარკალაიამ, დღეს უკვე მამა იოანემ დამიხატა წინსაფარზე...
ვკითხულობდი ხარბად, ჩქარ-ჩქარა: ზურა, რიჟა, თავა, ჩეჩე, დარსო, ნინო ჭოღოშვილი, გია ჭანტურია, გრეტა დეიდა, ლალი დეიდა...
არც ერთი აღარ არის. ვართ ჩვენ, არიან ჩვენი შვილები, შვილიშვილები და იცი რა მომინდა ყველაზე მეტად?
აი ხვალიდან, უკვე დიდ ცხოვრებაში რომ შევლენ ჩემზე და შენზე კარგად იყვნენ, რაც ჩვენ ვერ შევძელით-ამათ შეძლონ რაც მე დავაშავე და რაც მე მეტკინა, ის ნუ შეეხებათ ამ ბავშვებს რა მოხდება წაიქცნენ, წამოდგნენ და გააგრძელონ დიდი ცხოვრება სიყვარულით.
და ამ თეთრ პერანგებზეც ძაააალიან დიდხანს ეწეროს მათი ცოცხალი მეგობრების სახელები.
ძალიან სენტიმენტალურ ხასიათზე დამაყენა ამ ჩემმა "ნახოდკამ", მაგრამ ყველა ემოცია ნაღდია
მოდი რაა და ჩვენზე კარგად იყვნენ!!!!!
და რომ გვეგონა ჩვენი წილი ბედნიერება სადღაც გავუშვით და დავკარგეთ, ამათი სახით წინ გველოდოს, რა მოხდებაა?
ვგიჟდები ამ გოგო-ბიჭებზე მე!!!!
ამათ შეაძლებინე ღმერთო ის, რაც ჩემთვის წარსულში, 55-ე სკოლის ეზოში დარჩა...
აუსრულე ოცნებები“, - წერს ახობაძე.