პროკურატურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები - ა. დ. და ხ.ც. დამნაშავედ ცნო. ა.დ.-ს 9 წლით, ხოლო ხ.ც.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 16 აგვისტოს, შუახევის მუნიციპალიტეტში, ძარცვისთვის ნასამართლევი ა.დ. და ხ.ც., დანის დემონსტრირებითა და ძალადობით, თავს დაესხნენ სს „ლიბერთი ბანკის“ მოლარე-ოპერატორს ნ.დ.-ს, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და 7 362 ლარი გასტაცეს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ა.დ. და ხ.ც. იმავე დღესვე დააკავეს. ა.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის), ხოლო ხ.ც.-ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ. ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.