ავტორი ნინო ლაბარტყავა
13 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გაჩერებული გიორგი გამცემლიძე ქუჩაში ერთი გასროლით მოკლა. აბუაშვილს, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით, 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რასაც გიორგის ოჯახის წევრები და ახლობლები კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ - მათ მიაჩნდათ, რომ ადგილი ჰქონდა მათი შვილის განზრახ მკვლელობას... საქმე ხმაურიანი გამოდგა, ადამიანები მოითხოვდნენ დამნაშავის მკაცრად დასჯას, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა მკვლელი ისე დასაჯა, როგორც მათ აწყობდათ - ცხადია, ეს შემთხვევა დიდ დარტყმას აყენებდა საპატრულო პოლიციის იმიჯს და იმდროინდელი ხელისუფლება მაქსიმალურად ეცადა, მინიმალური სასჯელის მისჯით საქმე ჩაეფარცხა... გიორგი გამცემლიძის საქმე იმდროინდელი ოპოზიციის ლიდერებს, თითქმის, ყველა მათ გამოსვლაში პირზე ეკერა - ითხოვდნენ ობიექტურ გამოძიებას და ადეკვატურ სასჯელს, უპირისპირდებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს - საოცარია, რომ იმ პოლიტიკოსების საკმაო ნაწილი დღეს სწორედ რომ მიშას მოკავშირე გახდა...
აღნიშნულთან დაკავშირებით სასაუბროდ, „რეპორტიორი“ გიორგი გამცემლიძის მამას, ჯამბულ გამცემლიძეს დაუკავშირდა.
- რას ეტყოდით დღეს სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა რეჟიმმაც თქვენი შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა? ვხედავთ, რომ ისინი დღეს უსინდისოდ საუბრობენ სამართალზე, ადამიანის უფლებებზე...
- თუკი რაიმე ცუდი სიტყვა არსებობს, ყველაფერს ვეტყოდი მაგათ. წინა ხელისუფლება იყო იმ ადამიანთა კასტა, რომლებიც პირდაპირ დაგეშილები იყვნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ! თუ რამე ცუდი შეიძლებოდა გაეკეთებინათ, ყველაფერს აკეთებდნენ. ჩემი გიორგის საქმე მაშინ გამოძიებულ იქნა იმ დონეზე, როგორც მათ აწყობდათ. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გიორგის მკვლელისთვის რაც შეიძლებოდა ნაკლები მიესაჯათ. ადამიანის მკვლელობისათვის ორი წლის მისჯა არის, პირველ რიგში, მოკლულის პატრონებისა და ახლობლების დაცინვა, მეორე რიგში კი, ყველა იმ ადამიანისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, ვინც ეს ამბავი გაიგო, მოისმინა, ნახა.
- თქვენ ვახტანგ აბუაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებას ითხოვდით, რადგან ის და გიორგი ერთმანეთს მანამდე იცნობდნენ და ეჭვობდით, რომ თქვენი შვილი პოლიციელმა განზრახ მოკლა.
- დიახ, ეგ ეჭვი იყო, რადგან სანამ ეს მკვლელობა მოხდებოდა, მანამდე გიორგი ორ-სამჯერ იყო დაჯარიმებული მანქანით სწრაფად სიარულის გამო. როგორც მე ვიცი, წინა დღეებში ეგენი შენახვედრიც არიან ერთმანეთთან, გიორგი ის ბიჭი არ იყო, ვინც ვინმეს რამე ზედმეტ სიტყვას შეარჩენდა. სავარაუდოდ, მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მაშინ და ამიტომ შესაძლოა, ის პოლიციელი გაბრაზებული ყოფილიყო მასზე. აქ მთავარი კიდევ ის იყო, რომ მე სააკაშვილის მტერი ვიყავი, სანამ გიორგის მოკლავდნენ მანამდეც - თუ სადმე სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია იქნებოდა, ყველგან მივდიოდი, ვერ ვიტანდი მაგას იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უმოწყალოდ ჩახოცა მისმა რეჟიმმა ქუჩაში და მის ამ სიგიჟეს, უბედურებას რომ ვხედავდი, მისი მტერი ვიყავი.
- გიორგის მკვლელობის საქმე იყო ერთ-ერთი იმ საქმეებიდან, რომელმაც შემდგომში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დაასრულა. იმ პერიოდში ვინც ოპოზიციის ლიდერებად მოიაზრებოდნენ, ხშირად საუბრობდნენ სააკაშვილის ხელისუფლების სისხლიან დანაშაულებზე, მათ შორის, გიორგის მკვლელობის საქმეზე. იმ ლიდერების ნაწილი დღეს ხელისუფლებაშია - მათთან რა კითხვები გაქვთ დღეს?
- დიახ, სააკაშვილის დროინდელი ოპოზიციის ლიდერებიდან დღეს ბევრი ხელისუფლებაშია. მათთან ყოველი შეხვედრისას მიჩნდება კითხვა - რომ ვამბობთ ხოლმე, რაღაც საქმეები თაროზე შემოდესო, არ იძიებენო - რვა წელზე მეტია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ჩემი შვილის საქმე თაროზეც კი არ არის შემოდებული, რადგან აღარსად არ იძებნება. ეს, იცით, რისი ბრალია? დღეს პროკურატურა იმ ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც სააკაშვილის დროს საშინელებებს სჩადიოდნენ, ბევრი მათგანი, ალბათ, დაწინაურებულიც არის. ჩემი შვილის მკვლელის ადვოკატი მირდატ ქამადაძე დღეს აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია! საქმე, იცით, რაშია? ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში არიან, ჰგონიათ, რომ პოლიტიკაში ყოფნა არის იმ ადამიანებთან ერთობა, რომლებიც სანამ პოლიტიკაში მოვლენ, ხალხს სიკეთეს ჰპირდებიან, მოსვლის შემდეგ კი იმას უხსნიან, რატომ ვერ ასრულებენ თავიანთ დანაპირებს. დღეს ჩემი გიორგის ხსენება საერთოდ არ არის - ახსენებენ სანდრო გირგვლიანს, ბუტა რობაქიძეს, რადგან ამ ორი ახალგაზრდას საქმე მართლაც თეთრი ძაფით იყო ნაკერი და თავისი სისასტიკით გამოირჩეოდა. გირგვლიანის დასახიჩრებულ სხეულს რომ ვხედავ ხოლმე ფოტოებზე, დღესაც ცუდად ვხდები. ან ბუტას მკვლელობა - 100-ზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი, განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩაცხრილული. თუნდაც ამ ორი მკვლელობის ხშირად ხსენებით და კადრების ჩვენებით, კარგად ჩანს სააკაშვილის რეჟიმის ნამოქმედარი, მათი სახე - გიორგი ერთი გასროლით მოკლეს და ეს საქმე, ეტყობა, არ არის ისეთი, რომლითაც ხალხს შეახსენებენ მიშას ხელისუფლების დაუნდობლობას. მოკლულის პატრონისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანს ერთი ტყვია ესროლეს თუ ასი? უდანაშაულო ახალგაზრდებს რომ ქუჩაში ჩახოცავ, ამას რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს? არიან მშობლები, რომლებიც მარტო თავის შვილზე საუბრობენ - არა, ბატონო, მე ასე არ ვარ. მე ვსაუბრობ ქუჩაში დახვრეტილი სხვა ადამიანების გამოც, რომლებიც ჩემი გიორგივით ბეღურებივით ჩახოცეს...
- საკვირველი ისაა, როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკურ ძალას მხარდამჭერები ჰყავდეს...
- „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მხარდამჭერები ჰყავს, ეს არის უბედურება. ეს ხალხი ან მართლა დაგეშილები არიან ზოგადად ადამიანების წინააღმდეგ და ამიტომაც ამართლებენ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ სასტიკ მკვლელობებს, ან თავადაც სისხლში აქვთ ხელები გასვრილი, ან რაიმე სხვა უმსგავსო საქციელებით არიან მათთან გადაჯაჭვულები. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს მხარი დაუჭირო და მათი მობრუნება გინდოდეს?
- იმ პოლიტიკოსებს რას ეტყოდით, რომლებიც ახლა უკვე „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში არიან? მაგალითად, ეკა ბესელიას, გუბაზ სანიკიძეს, შალვა ნათელაშვილს, ნინო ბურჯანაძეს... თავის დროზე, თითოეულ მათგანს პირზე ეკერა გიორგის მკვლელობის საქმე, ითხოვდნენ სამართლიან, ობიექტურ გამოძიებას, დღეს კი არც ერთი მათგანი აღარ ახსენებს მას...
- იმ პოლიტიკოსებიდან, რომლებიც თქვენ ახლა ახსენეთ, სააკაშვილს დღეს არავინ ებრძვის, არავინ! მართალი ხართ, დახოცილი ბიჭების სახელებსაც არც ერთი აღარ ახსენებს, რადგან მათთვის სააკაშვილი ახლა მოკავშირე გახდა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეგენი ახლა იმ „ოცნებას“ ებრძვიან, რომელთან ერთადაც ვითომ დაამარცხეს მიშას რეჟიმი. წარმოუდგენელი ამბავია - ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს ებრძოდნენ, დღეს ნათელაშვილის ფანჩატურში ნაცებთან ერთად სხედან და ერთმანეთს საკმეველს უკმევენ! ამაზრზენია ამ ადამიანების ყურება! ბიძინა ივანიშვილი რომ არა, ეგენი ხელისუფლებას ისევე ვერ ნახავდნენ, როგორც საკუთარ კისერს ვერ ნახავს ადამიანი! ივანიშვილმა მოიყვანა ეგენი ხელისუფლებაში, ადამიანებად აქცია, თორემ პარლამენტს ეგენი ყველანი გარედან უყურებდნენ.
- ისე, საინტერესოა, თუ გქონიათ და გაქვთ კომუნიკაცია ამ ადამიანებთან?
- არ მაქვს, რაზე უნდა ვესაუბრო? მე ახლობლად ისეთ ადამიანს ვთვლი, რომელმაც იცის, მე რა მიჭირს და იმას აკეთებს ჩემთვის, რაც შეუძლია, რომ ამ გაჭირვებიდან ამომიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე პრობლემები მაქვს, არასდროს არავისთვის არ მითხოვია დახმარება, გარდა იმისა, რომ გიორგის საქმეში დამხმარებოდნენ და ესეც შევწყვიტე, რადგან ეს ხალხი ვერაფერს ხედავს. ჯამბულ გამცემლიძე ცოცხალია, მკვდარია, სად არის, რა სჭირს - არავინ კითხულობს. ათასი ავადმყოფობა გადავიტანე - ავთვისებიანი სიმსივნით ვარ დაავადებული, თირკმელი ამოვიჭერი, თავის ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა წესიერად, ქუჩაში ვეცემოდი, ვერ დავდიოდი... ასე ნელი სიკვდილით ვკვდები... თბილისიდან წავედი, არავის დანახვა არ მინდა და არც ის მინდა, ვინმეს დავენახო - ვარ ჩემთვის მარტო ხარაგაულში, ისეთ სოფელში, სადაც მამალიც არ ყივის...
და ბოლოს, ჩემს მოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, ვთხოვო - იქნებ როგორმე ამოვძირკვოთ ეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველანაირად ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას! გავგიჟდი, კაცო - ადამიანები გახარებულები არიან იმით, რომ კოვიდ-19-ით ხალხი იღუპება! ღმერთო, დიდებულო, მთელი საქართველო დამილოცნია, ყველა დამილოცნია, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს, მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ იმ ადამიანებს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას, ეს ქვეყანა უყვართ?!