„განათლება არის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია. ამასთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით გვაქვს „ერასმუსის“ პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებულია საქართველოში, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოდან ბევრ სტუდენტს ეძლევა ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა. ასევე მსურს ყურადღება გავამახვილო პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ პროგრამაზე. ეს პროგრამა 5-წლიანია, საკმაოდ დიდი ამბიციით, რომ შექმნას 100 ათასი სამუშაო ადგილი, ჩვენი გეგმის თანახმად. პროფესიული განათლების მხარდამჭერი ვარ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია პროფესიული განათლების დიდი უპირატესობა, ცხადი კავშირი, განათლებასა და სამუშაო ადგილებს შორის. ასე რომ, ეს პროგრამა, რომელსაც აჭარაში ვიწყებთ, ოთხ ინსტიტუტთან ერთად, ყველაფერ ამას მოიცავს“, - აღნიშნა ელჩმა.
ცნობისათვის, ბათუმში ევროკავშირის მხარდაჭერილი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, ოთხ პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.