ბელარუსის დედაქალაქში საგანგებოდ დაეშვა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბორტზე ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი, ტელეფრამ-არხის Nexta ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. დაშვების შემდეგ ჟურნალისტი დააკავეს. ბორტზე მოხვედრამდე პროტასევიჩი იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ.
მინსკის აეროპორტში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის შესახებ შეტყობინების გამო დასვეს, დაჯდომის ნებართვა კი მფრინავებმა თავად მოითხოვეს. ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაახლოებულმა ტელეგრამ-არხმა კი გამოაქვეყნა პოსტი სათაურით „ბელარუსმა ევროპა დაიცვა“.
გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობების წარმომადგენლებმა ბელარუსის მთავრობის ქმედება დაგმეს და ჟურნალისტის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვეს.