„რაც შეეხება მათ მოთხოვნებსა და ჩემ გადადგომას, შემიძლია ერთი რამ ვთქვა - მე რომ ერთი წამითაც ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, დღეს თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა“, - ასე გამოეხმაურა ნათია თურნავა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნას მისი გადადგომის შესახებ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ხაზი კომუნიკაციისა და დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა.
„დარწმუნებულები ვართ რა, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, ერთად უნდა ვაშენოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და რომელიც იქნება ჩვენი დამოუკიდებელი ეკონომიკისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი და „ნამახვანჰესი“, როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო, კარგად მოკვლეული, სრულყოფილი პროექტი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი გეგმა არის იგივე, რაც იყო - მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაცია. მაგრამ ისევ ვამბობ, რომ კომუნიკაცია უნდა მოხდეს ორ ფორმატში - ექსპერტების ჩართულობით, მეცნიერების ჩართულობით. შეუძლებელია ქუჩის რეჟიმში ვისაუბროთ სეისმიკაზე, გეოლოგიასა და ჰიდრონაგებობების მდგრადობაზე. ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც უპრიანია გაირკვეს ექსპერტების ჩართულობით“, - განაცხადა მინისტრმა.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და ღამეც იქ გაათიეს. მათი მოთხოვნის მიხედვით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა.