logo_geo
eng_logo
ბათუმი საზაფხულო სეზონისთვის ემზადება
- +

24 მაისი. 2021. 14:56

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, ზაფხულის სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებს მაქსიმალურად გაეწევა მონიტორინგი, რისთვის მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები.

 

„ბათუმს ტრადიციულად ბევრი სტუმარი ჰყავს, როგორც შიდა, ასევე, უცხოელი ვიზიტორები. შესაბამისად, მობილიზებულია მერიის ყველა სამსახური. აქვე, მინდა მოვუწოდო იმ ობიექტების მეპატრონეებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში უამრავ ადამიანს მასპინძლობენ, ზედმიწევნით დაიცვან და გაითვალისწინონ დადგენილი რეკომენდაციები“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

მისივე თქმით, წელს ვიზიტორებს, განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება ბათუმის ბოტანიკური ბაღი, სადაც დამატებითი მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, ყველა რეგულაციის დაცვით, აქტიურად განაგრძობს მუშაობას ბათუმის დელფინარიუმი, სადაც საჭიროების შემთხვევაში, შოუების დღიური რაოდენობა გაიზრდება.

 

შეხვედრაზე არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის საცხენოსნო კლუბის შესახებაც ისაუბრა.

 

„წლების განმავლობაში იყო მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. სეზონისთვის გატარდა რიგი ღონისძიებები და კლუბი უკვე მზადაა სტუმრების მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული ინფრასტრუქტურით, ბათუმში კიდევ ერთი ტურისტული ატრაქცია შეიქმნა. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩაქვში ვიწყებთ ახალი პროექტის განხორციელებას, სადაც საცხენოსნო კლუბი განაგრძობს მუშაობას“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ველოტრანსპორტის სისტემის განახლებას. შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მოქნილი გახდა ველოტრანსპორტით სარგებლობა.

 

რაც შეეხება დასუფთავების სამსახურს, ის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ქალაქის მასშტაბით იწყება ძველი ნაგავშემკრები კონტეინერების ახლით ჩანაცვლება. გათვალისწინებულია 1000 ერთეული ახალი კონტეინერის განთავსება. დღეში ორჯერ დასუფთავდება სანაპირო ზოლი და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ჯგუფები შეიქმნება. ცხელი ამინდის პირობებში მოირწყვება ცენტრალური ქუჩები.

 

„მინდა დავავალო დასუფთავების სამსახურს, აღნიშნული ღონისძიება იმ ქუჩებზეც გაატარონ, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მტვერი დგება და დისკომფორტი ექმნება მოსახლეობას“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

 

გარევაჭრობასთან მიმართებაში, აღინიშნა, რომ მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაფრთხილება მიიღო ყველა გარემოვაჭრემ. მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. გაძლიერდა მონიტორინგი მიუსაფარ ცხოველებთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით, არჩილ ჩიქოვანმა განმარტა, რომ საცხენოსნო კლუბთან ერთად, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარის მშენებლობაც იწყება.

 

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მიზნით ქუჩების გადათხრაზე ნებართვები აღარ გაიცემა. შეზღუდვა ძალაშია მაისის ბოლოდან 1 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ის ინფრასტრუქტურული პროექტები კი, რომელთა განხორციელება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს, ზაფხულის პერიოდშიც შეუფერხებლად გაგრძელდება. სამუშაოები დაჩქარებულ ტემპში და გონივრულ ვადებში დასრულდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner