logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: გგონიათ, თავის ბიზნესებს საქართველოში ლევან ვასაძე განაგებს? მისი ცოლი მართავს… ბევრი შვილიც ნინოს ინიციატივა იყო
- +

24 მაისი. 2021. 15:11

 

 

 
 
 
 
“არ მინდა ადამიანებს ლევანზე და მის ოჯახზე მცდარი წარმოდგენა ჰქონდეთ, ამიტომ მე, როგორც მისი დიდი ხნის მეგობარი, ბევრ რამეს გიამბობთ” – ამბობს ფილოლოგი და სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი.

 

რაინდი, რუსეთის აგენტი, დიქტატორი – ლევან ვასაძის მისამართით გაკეთებული ყველაზე ხშირი ეპითეტებია. სინამდვილეში როგორია ოჯახში, მეუღლესთან, სამეგობროში? სრულ პორტრეტს ერთი მეგობარი ვერ დახატავს, თუმცა შეეცდება ცოტა სხვა რაკურსით დაგვანახოს პოლიტიკაში შემომავალი ბიზნესმენი ვასაძე.

 

 

მანჩო გიორგობიანი: – 35 წელიწადია ვმეგობრობთ. ასი ფუთი მარილი გვაქვს უკვე ერთად ნაჭამი. აქედან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევ, სრული დახასიათება გავაკეთო.

 

უწესიერესი ადამიანია, უღალატო. რაც შეეხება მის პატრიოტიზმს, პატარაობიდანვე გამძაფრებული ჰქონდა, საერთოდ არ შეცვლილა. ვიღაცებს ჰგონია, რომ ლაპარაკის დაყენებული მანერა აქვს. ზუსტად ასეთივე იყო 13-14 წლის ლევანი, ზუსტად ასე მეტყველებდა. საერთოდ, განათლებული იყო ყოველთვის. ჩვენს სამეგობროში კითხვა ძალიან “მოდაში” იყო, ლევანი აქაც გამოირჩეოდა, ენებიც ადრე ისწავლა, ორიგინალში კითხულობდა დასავლურ ლიტერატურას. ძალიან ინტერესიანი იყო.

 

სპორტსმენი და ვაჟკაცი ბიჭიც იყო სულ. იარაღი არ უტარებია, დანით ჩხუბს არ სცნობდა, ყოველთვის თავისი მუშტის იმედი ჰქონდა. არავისთვის თავი არ დაუხრია. ჩხუბს თვითონ არასდროს დაიწყებდა, მაგრამ დაჩაგრულის და მართალის დაცვაზეც, უკან არ დაიხევდა. თვითონაც ზრდილობიანი იყო, ადამიანებს პატივისცემით ეპყრობოდა, იგივეს იღებდა სხვებისგანაც.
მეგობრებიც ყველა უბანში ჰყავდა. რამდენიმე უბნის ძალიან ბევრ ბიჭთან ვმეგობრობდი. არ მახსენდება, რომ ვინმეს ცუდად ეხსენებინოს. მიუხედავად იმისა, რომ მანერებითაც გამორჩეული იყო, კარგად აღზრდილი, არასდროს უძველბიჭია…

 

 

ქართული ბუნების იყო. ეს მეც მაქვს. შეიძლება ამპარტავნებაში გადაგვდის, მაგრამ მეამაყება ქართველობა. ლევანიც ასეთი ტიპაჟია. თავისი ქვეყანა ყოველთვის ეამაყება, ყოველთვის ასე იყო. იმდენად პათოსით ლაპარაკობდა, რაღაცებზე გვეცინებოდა კიდეც. პატარები ვიყავით, მაგრამ მერე მართლა ბევრჯერ მოგვიწია ქვეყნისთვის ბრძოლა, რასაც ძალიან ბევრი ჩვენი ახლობელი და ნაცნობი შეეწირა კიდეც, სამწუხაროდ…

 

ქართული ტრადიციების პატივისმცემელი ყოველთვის იყო. არც ეს თვისება შეუძენია მერე. რა ვიცი, მე სულ ასეთი მახსოვს, არაფერს იგონებს, ვიღაცას შეიძლება გადამეტებულ მორალისტადაც მოეჩვენოს.

 

ქართული მწერლობა და პოეზია მისთვის ყოველთვის აღმატებულია. საერთოდ, კარგადაც იცნობდა. მაშინ მოდაში იყო დასავლური ლიტერატურა. ეს ის პერიოდი იყო, მანამდე აკრძალული ლიტერატურა რომ მეტნაკლებად შემოვიდა. სვავებივით ვესეოდით და სქელტანიან, ან ხელით ნაბეჭდ წიგნებს ერთ ღამეში ვკითხულობდით. მეორე დღეს სხვისთვის უნდა გადაგვეცა. ცოცხალ რიგში ვდგებოდით. სანამ გავიდოდით და ვნახავდით მსოფლიოს, გატაცებულები ვიყავით სხვადასხვა ქვეყნების ლიტერატურით. კაპიტალისტურ დასავლეთს, ამერიკას განსაკუთრებით ვაფეტიშებდით. მერე უკვე, სტუდენტობაში, ხშირად დავიწყეთ მოგზაურობა… 1990-ში უკვე ამერიკაშიც მოვხვდით…

 

ლიტერატურაზე როდესაც ვკამათობდით, იყო პერიოდი, რომ დასავლური ყველაფერი საუკეთესო გვეგონა, ლევანს ეს მომენტი არ ჰქონია. მას ჩვენი კულტურა, მწერლობა, პოეზია უმაღლეს რანგში აჰყავდა. მე შედარებით გვიან მივედი აზრამდე, რომ ქართული მწერლობა-პოეზია მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია… რომ გეთქვა, ქართული, რომელიმე სხვა ქვეყნის კულტურაზე ნაკლებიაო, არაფრით დაგითმობდა და კამათიც ყოველთვის არგუმენტირებული იცოდა. არ დაიწყებს ისეთ რამეზე ლაპარაკს და პოლემიკას, თუ კარგად არ არის გარკვეული და მაქსიმალური ინფორმაცია არ აქვს.

 

 

ლევანმა ჯერ გეოფიზიკის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა, შემდეგ ამერიკაში მიიღო განათლება, ჯერ თავისი სპეციალობით და მერე უმაღლესი ბიზნეს-მენეჯმენტით გააგრძელა.
სწავლობდა ვაშინგტონის ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლასთან არსებულ უმაღლესი მენეჯმენტის ინსტიტუტში. სულ სწავლობდა…
რუსეთში უკვე ძველი და ახალი აღთქმის ლიტურგიკა შეისწავლა.

 

– მორალისტი იყო, ზოგჯერ გვეცინებოდაო. კონფლიქტები არ მოგდიოდათ?

 

– მე თვითონ ბიჭს ვგავდი, გაპრანჭვა გვიან დავიწყე. გოგოებისადმი მისი შენიშვნები, ძალიან ნუ იღებებით და ნუ იხატებითო, მე არ მეხებოდა. ძირითადად, შენიშვნები, მოქცევაზე იყო, რომ გოგონებიდან, ვინმე ზედმეტად არ “გადატყლარჭულიყო”. პრინციპში, მართალი იყო, 14-15, გინდაც 16 წლის და მაკიაჟით, სასაცილოები ვიქნებოდით, აბა არა?!

 

– და შარვალზე შენიშვნა?

 

– რა სისულელეა!.. ლევანი ძალიან პროგრესულია, ვერ ვხვდები, რატომ ჰგონიათ, რომ ქალის ჩაცმა-დახურვაზე რამე რეაქცია უნდა ჰქონდეს.

 

რუსეთის აგენტიაო, რომ ამბობენ… 1989 წლის აპრილის ამბებზე, დღე და ღამე რუსთაველზე იყო. მთელი სამეგობრო იქ ვიყავით ხოლმე, ყოველ დღე. მაშინ რამდენიმე უმაღლესი იყო და ძალიან ბევრი სტუდენტი დადიოდა აქციებზე. ლევანი ძალიან აქტიურად იყო ჩაბმული. ფოტოსაც მოგცემთ, პატრიარქს რომ ხვდებიან სტუდენტები, იქ ლევანიც არის, მეუფე შიო, ირაკლი კაკაბაძე, მგონი, გიორგი მარგველაშვილიც…

 

 

დარბევის ღამესაც ადგილზე იყო, ქალები გამოჰყავდა ჭყლეტიდან, პარლამეტის წინ. ძალიან ბევრი გამოიყვანა და გადაარჩინა გადათელვას და აჩეხვასაც. რაგბისტი რომ იყო, საამისო ძალა შესწევდა. მაგრამ იმდენი ურტყეს თავში, ბოლოს, რამდენიმე შებრუნების მერე, უკვე დავარდა. იმდენად მძიმედ იყო, მკვდარი ეგონათ და მორგში წაიყვანეს. წელიწადზე მეტი დასჭირდა სამკურნალოდ. უმძიმესი ტრავმები ჰქონდა.

 

აი, ამდენი რამის გადატანის შემდეგ როგორ შეიძლება ადამიანზე ასე ხელაღებით რუსეთის კაცობის დაბრალება?.. ეგ კი არა, რომ უთხრა, ლევან, საქართველო რომ ბედნიერად იყოს, შენ დღეს უნდა მოკვდე, ერთი წამი არ დაფიქრდება. შემოგვეწირება, გადაგვეფარება. შეცვლილი საერთოდ არ არის, ზუსტად როგორიც იყო ბავშვობაში, ასეთი სულისკვეთებით არის დღესაც. ვიღაცისთვის შეიძლება იდეალისტია, მაგრამ ასეა.

 

პოლიტიკოსობა ნამდვილად არ უნდოდა, კატეგორიულ უარზე იყო. ხშირად, ბოლოს კი გასულ ზაფხულს ვეუბნებოდი, მაინც, გინდა-არ გინდა, პოლიტიკაში ხარ და ბარემ ბოლომდე მიდი-მეთქი. მე რომ შენნაირი სუფთა წარსული და სამაგალითო ბიოგრაფია მქონდეს, არც დავფიქრდებოდი-მეთქი. მე მქონდა შემოთავაზება, მაგრამ საზოგადოებას ვერ შევთავაზებ თავს, ჩემი არეულ-დარეული ცხოვრებით. პოლიტიკოსობას განსაკუთრებული რეპუტაცია სჭირდება.

 

ძალიან უნდა გაჭირდეს და უნდა დავინახო, რომ უფსკრულისკენ მივდივართ, რომ ამაზე წავიდეო, ამბობდა. ორი თვის წინ ისევ ვუთხარი, იქნებ ლოკოლომოტივად ჩაუდგე და კარგი ხალხი შემოიყვანო პოლიტიკაში-მეთქი. უკვე ისე ძალიან აღარ გაუპროტესტებია. მარტო მე არა, კიდევ ბევრი ახლობელი გვყავს ასეთი, ვინც ვეხვეწებოდით პოლიტიკაში ბოლომდე ჩაბმას.
ბოლო თვეებში გადავაწყვეტინეთ.

 

რაც შეეხება ცოლისადმი ლევანის დამოკიდებულებას. გგონიათ, ლევანი განაგებს თავის ბიზნესებს საქართველოში? მისი ცოლი, ნინო დურგლიშვილი მართავს ოჯახის ყველა ბიზნესს საქართველოში, სერიოზული ხელმძღვანელია. ორი წლის წინ გადაიბარა ცქრიალა ღვინის ქარხანაც და მისი დირექტორია. წელში გამართული ბიზნეს-ქალია.

 

 

მეცინება, როდესაც ვიღაცებს ლევანის ცოლი მხოლოდ სახლში მოფუსფუსე წარმოუდგენიათ.

 

ნინო უჭკვიანესი გოგოა და თან ყველაფერს ასწრებს… ფანტასტიკური დედა, განათლებული, საქმის გამკეთებელი და ულამაზესი გოგოა. ძალიან მალე დგება ფორმაში ხოლმე და ბევრს მუშაობს, საკმაოდ წარმატებულადაც.

 

 

ლევანი არაჩვეულებრივი ქმარია. ხელის გულზე ატარებს ცოლს. პატივს სცემს და ძალიან უყვარს. რა შეზღუდვაზეა საერთოდ ლაპარაკი. ჩემს სამეგობროში ვინატრებდი, რომ ყველას ასეთი ოჯახი ჰქონდეს.

 

ვასაძეების ოჯახი სრული ბედნიერების განსახიერებაა. მათთან სტუმრად რომ მიდიხარ, რაც უნდა ცუდ ხასიათზე იყო, გუნება გიკეთდება. მათთან, დიდ სახლში, სამი თაობა ერთად ცხოვრობს, ლევანის და ნინოს მშობლები, თვითონ და ბავშვები. ხშირად მიდი-მოდიან სტუმრები. სულ ბევრი ხალხია.
მათ სახლში თუ გართობა გინდა გაერთობი, თუ დასვენება – დაისვენებ.

 

დიდი ხალისია. ბევრი ბავშვები, შვილების მეგობრები, დარბის ბევრი ძაღლი. მოკლედ, ძალიან ჟრიამულია.

 

ბევრი შვილი ნინოს ოცნება და ინიციატივა იყო და რა თქმა უნდა, ეს ლევანსაც უხაროდა. ფანტასტიკური დედა და ცოლია, რომელიც ყოველთვის ფორმაშია, ყველაფერს იხდენს, ფეხმძიმობასაც, რა თქმა უნდა…

 

ინტელიგენტი და კულტურულია. არასდროს თავის ქონებრივ თუ სამსახურეობრივ პრივილეგიებს არ იმჩნევს, არ არსებობს ნინომ ვინმეს თავს მოახვიოს თავისი, რაიმე სახით უპირატესობა თუ მდგომარეობა.

 

 

ეს არის ნამდვილი ტრადიციული, თანასწორუფლებიანი, ქართული ოჯახი. ცნობილი ქართველი ქალები ხომ ხომ ყოველთვის ქმრებს ედგნენ გვერდში .

 

ასე რომ, ლევანი მბრძანებელად და ტირანად გამოყვანას ტყუილად ცდილობენ. ნინოს ყველა წამოწყებაში ხელს უწყობს.

 

ერთადერთი, რაც ნინოს და მასთან ერთად ლევანსაც, არ სურთ არის, ის, რომ ნინოს პრესასთან კომუნიკაცია კატეგორიულად არ უნდა. ეს უაზრო გაბოროტებული ლანძღვა-გინება რომ აირიდოს, ასე ურჩევნია. მე მესმის ორივესი, ძალიან რთული გადასატანია, როდესაც ტყუილებს და ათას სიგიჟეს გიგონებენ, ძალიან მძიმედ გადამაქვს მეც.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner