წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ორი ახალგაზრდა კაცი ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან ცხენით გადმოდიოდნენ და შემოვლითი გზით ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.
შემთხვევა დღეს დილას მოხდა. დაშავებულებიდან ერთი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მეორე დაშავებული ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცები სამეგრელოში ნათესავთან სტუმრად მიდიოდნენ.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
„კატასტროფის ბრიგადა დილას შემოიყვანა ახალგაზრდა კაცი მრავლობითი დაზიანებით. კერძოდ, მას აღენიშნება ქალა ტვინის ტრავმა, ქალა-ფუძის მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინის ტრავმული შეშუპება, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. მდგომარეობა მძიმეა იმყოფება კომატოზურ მდგომარეობასა და მართვით სუნთქვაზე“, - განაცხადა სულხან ორჟონიამ.