საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყველა შესაბამისი სტრუქტურა გაუჩერებლად მუშაობს და კომუნიკაცია არსებობს როგორც საზღვარზე, ისე თურქეთის მთავრობასთან.
„ყველა შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს. კომუნიკაცია არსებობს როგორც საზღვარზე, ისე თვითონ თურქეთის მთავრობასთან. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ რა ხდება სტამბოლის აეროპორტში, რამდენი ქართველია იქ და რა ტიპის დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ. პრაქტიკულად გაუჩერებლად ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ერთად", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება თურქეთთან საზღვარს, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საზღვარი შეიძლება მალე გაიხსნას.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.
მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა მანამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილიზირდებოდა.