საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სხვადასხვა ორგანიზაციიდან მოწვეული ხელოვნებათმცოდნეები და კედლის მხატვრობის რესტავრატორები, ასევე, მამა ანტონი გელათის სამონასტრო კომპლექსიდან.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გაფრინდაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა გელათის ღვთისმშობლის შობისა და წმინდა გიორგის ტაძრების კედლის მხატვრობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც 2020 წლის 11 მარტიდან 2021 წლის 29 აპრილამდე პერიოდს მოიცავს.
აღნიშნული ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დროებითი გადახურვის მოწყობის შედეგად ტაძრებში წყლის ინფილტრაცია რამდენიმე თვეა აღარ მიმდინარეობს, 2020 წელს უკვე ჩასული წყლის მიზეზით ტაძარში მაღალი ტენიანობა შენარჩუნებულია.
შეხვედრაზე გაიმართა აქტიური დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები შეიძლება იქნეს გადადგმული იმისათვის, რომ სახურავის გამოცვლამდე, რაც ხანგრძლივი პროცესია, მაქსიმალურად შენარჩუნდეს დაზიანებული ფრესკები. განსხვავებული პროფესიული მოსაზრებების მოსმენის შედეგად, შეხვედრის მონაწილე დარგის სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის ივნისში იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ჩამოსვლამდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს შესაძლებლობა:
- ჩაატაროს ნალესობისა და ფერწერის ფენის კვლევა;
- კვლევის პარალელურად, ქართველი პროფესიონალი რესტავრატორების მეშვეობით, რეგულარულად განახორციელოს დაზიანებული ფრესკებიდან გამომარილების პროცესის შედეგად წარმოქმნილი მარილის მოხსნა იმ ადგილებში, სადაც ეს ფერწერის დაზიანების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია;
- კვლევის პარალელურად, ქართველი პროფესიონალი რესტავრატორების მეშვეობით, განახორციელოს დაზიანებული ფერწერული ფენიდან ქიმების ნალესობის მოხსნა იმ შემთხვევებში, როცა ამგვარი ნალესობა დაზიანებული ფერწერული ნაწილის კედლიდან მოწყვეტის საშიშროებას ჰქმნის.
ასევე, შეხვედრაზე დამსწრე დარგის სპეციალისტების მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების შედეგად, კულტურის მინისტრის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მოქმედი, მონუმენტური სახვითი ხელოვნების საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის გადახალისების შესახებ.