ეს ფოტო 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევიდან სამ-ოთხ საათში ჩემი მეგობრის ანი მათიაშვილის სახლშია გადაღებული.
მანამდე კი მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: დარბევამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ინფორმაცია გავრცელდა, რომ სპეციალური რაზმებით სავსე ყვითელი ავტობუსები 9 აპრილის პარკში ბანაკდებოდნენ. თუ სწორად მახსოვს, მე და თელარა გელანტიამ გადავამოწმეთ და საკუთარი თვალით ვნახე უამრავი ნიღბიანი, რამაც აშკარად ცხადყო, რომ სააკაშვილის რეჟიმი სისხლის დასაღვრელად ემზადებოდა.
უკან დაბრუნებულებს სცენასთან ხათუნა ივანიშვილი შემომხვდა. მთხოვა, მეგობრებისთვის გადამეცა, არავინ წასულიყო. საშინლად ელავდა. რკინის ჯებირებთან ლევან ანჯაფარიძე და გურამ ფირცხალავა საუბრობდნენ. ალეკო შარვაძემ სამახსოვრო ფოტო გადაგვიღო. გიორგი მამაცაშვილი მოვიდა. კოკისპირულად გაწვიმდა. თორმეტ საათზე მერიიდან მოვიდნენ. მომიტინგეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. უეცრად ყოველი მხრიდან ცეცხლი გაიხსნა. კვამლის ყუმბარები, წყლის ჭავლი. რეზინის ტყვიები. სცენა აღარ ჩანდა. სუნთქვა ჭირდა. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე ფოტო გადავიღე და ისევ გიორგი მოვძებნე. - წავიდეთ, თავისუფლების მხარეს ჩავიდეთ და რასაც მოვახერხებთ, იქიდან გადაიღე, - მგონი მე შევთავაზე. უსიტყვოდ შევთანხმდით.
მეტრო „თავისუფლებასთან“ ზემოთ მხარეს გზა გადაკეტილია. ხალხს არ უშვებენ. ფეხს საკმაოდ ავუჩქარეთ. მეტროს ჩავცდით. ქვემოდან სპეცრაზმის დიდი კოლონა მოდის. მთელი გზა სავსეა. კიდევ ავუჩქარეთ ფეხს. ალბათ, ათიოდე მეტრი გვაშორებს. ვხედავ, იარაღი ჩვენკენ მომართეს.
-არ ისროლოთ, ჟურნალისტები ვართ, - მძაფრი ტონით იძახის გიორგი. - ვინც გინდათ იყავით, - გვპასუხობენ და ზალპით გვესროლეს (ეს რამდენიმეწამიერი კადრები აღბეჭდილია „ტვ-25“-ის ოპერატორის მიერ, რომელიც მოგვიანებით შემთხვევით აღმოვაჩინეთ). მახსოვს, სიმწრისგან გიორგიმ წაიფორთხილა, უეცრად მკლავში ხელი ჩავავლე, წამოვაყენე და უკან შემოვტრიალდით. წამის მეათასედში სპეცრაზმისგან ზურგით აღმოვჩნდი, რა დროსაც მორიგი ზალპი საკუთარ ზურგზე ვიწვნიე. ალბათ, ამან მიხსნა გარდაუვალი სიკვდილისგან, თორემ ამ რაოდენობის ტყვია რომ მკერდის მხარეს მომხვედროდა, მტრისას... ტკივილისგან ვეღარ ვსუნთქავდი. უკან გამოქცეულებმა მეტროს პატრულს ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ უარი მივიღეთ. პატრულთან საუბრისას ვიგრძენი, როგორ მომხვდა თავში ხელკეტი და გავითიშე. არ მახსოვს, რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ. როცა თვალი გავახილე, ხელბორკილი მედო. ჩემგან რამდენიმე მეტრში, მეტროს შესასვლელთან გიორგი ეგდო (არ მიწყენს ამ სიტყვის გამო). მისკენ გავხოხდი. მახსოვს, ირგვლივ დასისხლიანებული ადამიანები ეყარა. განსაკუთრებით ერთი დამამახსოვრდა, რომელსაც თავი შუაზე ჰქონდა გაპობილი და რაღაც რუხი მასა შადრევანივით ასხამდა. (ხშირად მიფიქრია, იქნებ ნიკა კვინტრაძე იყო ან სულიკო).
-უშველეთ, კვდება. ყვირის გიორგი.
-თუ არ გინდა, შენც მაგ დღეში აღმოჩნდე, ხმა ჩაიგდე, - მივიღეთ პასუხი და გავეშებულმა ნიღბიანებმა რეზინის ხელკეტებით გაგვროზგეს. არ ვიცი, რა დრო გავიდა. საუბარი პრაქტიკულად არ შემეძლო. ისევ მამაცამ იყოჩაღა. პრეს-კარდების მთელი დასტა გაატანა ვიღაც სპეცრაზმელს. ცოტა ხანში აქეთ-იქიდან ხელი ჩაგვავლეს და პუშკინის სკვერისკენ წაგვიყვანეს, სადაც ტუსაღები ყვითელ ავტობუსში აჰყავდათ და მთავარ სამმართველოში გადაჰყავდათ. ჯოჯოხეთური კორიდორი გამოგვატარეს, რომლის ბოლოში ცნობილი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე შემოგვხვდა. ირაკლი მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. მისი წყალობით, ავტობუსში აყვანას გადავრჩით. გამოგვიშვეს. ხელებშეკრულები „მერიოტს“ გამოვცდით, რომლის გადმოსწვრივ, თუ სწორად მახსოვს, „პოპულის“ მაღაზია იყო, სადაც, მახსოვს, ახალგაზრდები ლუდის ბოთლებით იდგნენ. ერთ-ერთი ნაცნობი აღმოჩნდა. რამდენიმე წუთით გიორგიმ მოიკითხა. მახსოვს, ხელებშეკრულები ვიდექით. ბოლოს იმ ნაცნობმა გვკითხა. სად იყავით, ხომ მშვიდობააო.
მალევე მივედით მეგობრის სახლში. მახსოვს ცრემლიანი ემოციები. ხელები გაგვიხსნეს და მოგვიარეს. დილით რომ გამეღვიძა, საწოლთან „ბუფი“ - ჩემი მეგობრის ძაღლი იჯდა. თურმე მთელი ღამე მდარაჯობდა. მახსოვს, გვირჩიეს, დავწოლილიყავით და ტელევიზიები გამოგვეძახებინა, რაც ვიუკადრისეთ და თავად წავედით „ტვ ობიექტივში“ პრესკონფერენციის გასამართად. ექსპერტიზაზე 38 ნატყვიარი დამითვალეს. პლუს ტვინის შერყევა და ახეული ყური.
ემოციების გარეშე, მხოლოდ ფაქტებით აი, ასეთი იყო 10 წლის წინ ჩემი 2011 წლის 26 მაისი.
პირობას გაძლევთ, გაცვეთილი ისტორიის დეტალებით თავს არ შეგაწყენთ. არც იმას დავწერ, როგორ დაგვხვრიტეს რეზინის ტყვიებით და სცადეს სულის დამახინჯება. ან რა მოსაყოლია, როგორ შეგვდგნენ წიხლებით, გადაგვიარეს და ხელკეტებით თავ-პირი გაგვიერთიანეს... ფიზიკურ ტკივილზე მეტად უსამართლობის და უსუსურობის შეგრძნება გაუძლურებს. უსამართლობის, რომ დანაშაულის მთავარი მონაწილე ვინმე სააკიანცი გლდანის საპყრობილეს არ ხეხავს. უსუსურობის, რომ პატიება არ შეგიძლია და უძლური ხარ უსიამოვნო განცდების თუ მოგონებების წინაშე. არა, მეგობრებო, არ დაიჯეროთ, რომ დრო მკურნალია...
ამდენი ხნის შემდეგაც კი ამ დღეს ჩემთვის ყოველთვის 2011 წლის 26 მაისის ღამეა: წვიმიანი, შეშლილი, სისხლიანი, სიკვდილის შიშით გაჟღენთილი, ბორკილდადებული და ნაცემი ადამიანებით სავსე გამზირი. გვამებიანი მაღაზიის სახურავები და შემზარავი ზეიმი...
არა, ამჯერად არ დავწერ... შარშან და იმის წინ რაც იყო, წელსაც ის იქნება: თეთრი, უსიამოვნო ღამე!..
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და უფალს ვთხოვ, მსგავსი უბედურება აღარასოდეს განმეორებულიყოს.
„ისტორიულ“ ფოტოზე მე და გიორგი მამაცაშვილი