ქორეოგრაფიული ანსამბლების „ქართული გენის" და „გორდას" წევრების მშობლები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არიან შეკრებილები და შვილების საქართველოში უსაფრთხოდ დაბრუნებას ითხოვენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 15-მდე მშობელია შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები ბულგარეთში 10-დღიან გასტროლებზე იმყოფებოდნენ. 15 ივლისს ისინი ბულგარეთიდან ავტობუსით წამოვიდნენ და ამჟამად თურქეთში, სტამბოლიდან 70 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ სილივში იმყოფებიან. როგორც მშობლები აცხადებენ, ბავშვებს ამოეწურათ საკვებისა და წყლის მარაგი, ერთ-ერთ მოზარდს ბულგარეთში მიღებული ფეხის ტრავმის გამო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, ასევე ორ მოზარდს ნერვიულობის ნიადაგზე ტემპერატურის აწევა აღენიშნება. ავტობუსში 10-დან 12 წლამდე 34 ბავშვი იმყოფება, ასევე მათი მშობლების ნაწილი და პედაგოგები, სულ დაახლოებით 50-მდე ადამიანია.
მშობლები ითხოვენ, თურქეთში საქართველოს საკონსულომ ბავშვებს დროული დახმარება აღმოუჩინოს და მოხდეს მათი უსაფრთხოდ დაბრუნება.