რეჟისორმა რობერტ სტურუამ ტვ „იმედის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას, კოლუმბიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, გაბრიელ გარსია მარკესის, 1967 წელს დაწერილი რომანი, „მარტოობის ასი წელიწადი“ გაიხსენა.
„მარკესის „მარტოობის ას წელიწადში“ არის ერთი ეპიზოდი, რომელიც ძალიან ჩამრჩა გულში. საბჭოთა სახელებს თუ დავარქმევთ, სიუჟეტი ასეთია: ერთ ქალაქს თავს ესხმის კგბ, წაიყვანენ ყველა მოწინავე მამაკაცს, ჩასვამენ სატვირთო ვაგონებში, გაიყვანენ სადღაც და იქვე დახვრეტენ - ისევე, როგორც ჩვენთან დახვრიტეს აჯანყებული ქართველები ზესტაფონთან, 1924 წელს. მეორე დღეს ხალხი არაფერს კითხულობს, თითქოს, ყველაფერი დაავიწყდათ... ამ მეტაფორას მიმართავს ეს გენიალური მწერალი და გვეუბნება, რომ ასე გვავიწყდება ბოროტება. სადაც ხვალ დღესასწაულია, იქ, 10 წლის წინ საშინელება იყო. ახლა, იქ ჰკიდია იმ კაცის ფოტო, ვინც ეს ჩაიდინა. მითხარით, რა არის აქ საშინელი? რატომ დაგავიწყდათ ყველაფერი? ეს ირაციონალური კითხვებია, რომელთაც მე ვერ ავხსნი. ეტყობა, რაღაც დევს ადამიანში - ან ძალით ვივიწყებთ, ვითომ არ გვახსოვს, ან თვისება გვაქვს, რომ ცუდი დავივიწყოთ და კარგი გვახსოვდეს“, - განაცხადა რობერტ სტურუამ.