საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყების ინფორმაციით, სტამბოლში საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია და ქართული ანსამბლების წევრები ქალაქში ჩასვლას შეძლებენ. სტამბოლში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები მუდმივ კონტაქტზე არიან როგორც ანსამბლის წევრებთან, ისე მათი გადამყვანი კომპანიის წარმომადგენლებთან.
„არსებული ინფორმაციით, რასაც საკონსულო იუწყება, სტამბოლში საგზაო მოძრაობა სრულად არის აღდგენილი და გადაადგილება არის უსაფრთხო. ამის თაობაზე ინფორმაციას მიაწვდიან იმ კომპანიას, რომელსაც გადაჰყავს ანსამბლის ბავშვები. ისინი გადაწყვეტენ და დაიძვრებიან სტამბოლის მიმართულებით. სტამბოლში მათ დახვდებათ გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ კავშირზე იმყოფებიან ანსამბლის წარმომადგენლებთან და გადამყვან კომპანიასთან", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.