„დღეს, ჩვენი მთავრობის ძალისხმევით, საქართველო ადგას ევროპული, დემოკრატიული განვითარების გზას და იმედია, 2024 წელს ღირსეულად გავხდებით კიდეც ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო მეგობრებო! უცხოეთში მცხოვრებო ჩვენო თანამემამულენო!
გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!
ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს დადგენილებით საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.
ქართველმა ხალხმა მიიღო ნანატრი დამოუკიდებლობა და ჩადგა თავისუფალ ერთა რიგებში.
ქვეყანაში დაიწყო დემოკრატიული განვითარება და ევროპული ღირებულებებისაკენ სწრაფვა!
მონობისგან, ჩაგვრისგან გათავისუფლებულმა ქართველმა ერმა ახალი საქართველოს მშენებლობა დაიწყო!
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ სამი წელი იარსება, მაგრამ ღრმა ხნული გაავლო ქართველთა ცნობიერებაში!
ათწლეულების მანძილზე იკრებდა ძალას ქართველ ხალხში თავისუფლების წყურვილი და 1991 წლის 9 აპრილს გვეღირსა დამოუკიდებლობის აღდგენა!
დღევანდელი დღე ძვირფასია ყველა საქართველოს მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კი - ჩვენი ისტორიული დიასპორელებისთვის. მათი წინაპრები 1921 წელს იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო და მთელი სიცოცხლე მასზე ფიქრში და შინ დაბრუნების ნატვრაში გაეტარებინათ.
დღეს, ჩვენი მთავრობის ძალისხმევით, საქართველო ადგას ევროპული, დემოკრატიული განვითარების გზას და იმედია, 2024 წელს ღირსეულად გავხდებით კიდეც ევროკავშირის წევრი ქვეყანა!
მეგობრებო!
კიდევ ერთხელ გილოცავთ თავისუფლების დღეს და გისურვებთ უამრავ წარმატებას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში“, - წერს ოდიშარია.