ავტორი თეა ფირცხალავა
დღეს სრულიად მსოფლიო და კოსმოსიც კი „იცნობს“ ქართლ-კახურ „ჩაკრულოს“, მრავალჟამიერსა თუ საგალობელს „შენ ხარ ვენახი“, ან თუნდაც აჭარულ „ხასანბეგურას“, სვანურ „ლილეს“, მეგრულ „ჩელას“ და, რასაკვირველია, გურულ კრიმანჭულს, რომლებიც, სხვა მრავალ შედევრთან ერთად, ქართული ფოლკლორისა და ქართული მრავალხმიანი მუსიკის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს და ჯერ კიდევ მე-5 საუკუნიდან მოყოლებული იქმნებოდა.
ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენე, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორის, მომღერლისა და ლოტბარის ჯანსუღ კახიძის დაბადების დღეა და იგი, ზემოხსენებულ საგანძურთან ერთად, ქართული მუსიკის ისტორიის ნაწილი და მისი ღირსეული წარმომადგენელია.
ზევით გურული კრიმანჭული ვახსენე და ნება მიბოძეთ, უცნაური პარალელი გავავლო და ბატონი ჯანსუღი, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი მუსიკოსი (და თანაც - ტიპური იმერელი), ქართულ მუსიკაში იმერული იუმორისა და დიალექტის შემტანად და იმერული „კრიმანჭულის“ პირველშემქმნელადაც მოვიხსენიო, რასაც მის მიერ დაწერილი, ან თუნდაც უბადლოდ შესრულებული სიმღერებიც ადასტურებენ.
როგორც მოგეხსენებათ, გურული კრიმანჭული განსაკუთრებული ტემბრის და მამლის ყივილისებრ ხმას მოითხოვს, ჰოდა, ჯანო კახიძესაც განსაკუთრებული ტემბრის ხმა ჰქონდა, ოღონდ მის ნამღერში, ან მის ე.წ. იმერულ კრიმანჭულში, მამლის ყივილს შესაშურად ანაცვლებდნენ „ბულბულის სტვენა და შაშვის გალობა“, რასაც თან ერთვოდა მაესტროს ამოუწურავი და განსაკუთრებული სახმო იმპროვიზაციები, რაც საოცარ ეფექტს ახდენდა მსმენელზე (შაშვის ხსენებაზე ოთარ იოსელიანის გენიალური ფილმი გამახსენდა - „იყო შაშვი მგალობელი“, რომელშიც ჯანსუღ კახიძე დირიჟორის ამპლუაში გვევლინება.
ყველაფერი კი ასე იწყებოდა:
1935 წლის 26 მაისს სოფელ ობჩაში დაიბადა საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და კიდევ მრავალი რეგალიის მფლობელი ქართველი ხელოვანი ჯანსუღ კახიძე. იგი ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტი იყო, როდესაც შექმნა ანსამბლი „შვიდკაცა“ და იქვე მღეროდა. მოგვიანებით ამ ფაქტს უმაღლესი შეფასება მისცა უდიდესმა ქართველმა ფოლკლორისტმა ანზორ ერქომაიშვილმა, როდესაც განაცხადა, რომ სწორედ ჯანსუღ კახიძის „შვიდკაცამ“ გაუკვალა გზა ქართულ სიმღერასა და ანსამბლებს მთელ მსოფლიოში...
ჯანსუღ კახიძე თავს, უპირველეს ყოვლისა, დირიჟორად მიიჩნევდა... თან როგორ დირიჟორობდა, ღმერთო ჩემო!!! რამხელა ენერგია, ემოცია, ვნება და სიყვარული იდო მის თითოეულ ჟესტში... აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დირიჟორობის დროს მაესტრო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მამაკაცი ხდებოდა, თავისი არწივისებური გარეგნობით, განსაკუთრებული პროფილით და განუმეორებელი, დიდოსტატური პლასტიკით, რასაც აღტაცებაში მოჰყავდა დარბაზში მსხდომი მსმენელი.
დირიჟორობაზე რაც ვთქვი, სრული სიმართლეა, მაგრამ... არანაკლებ „გვაგიჟებდა“ ჯანო კახიძის მიერ შესრულებული ქართული სიმღერები, რომელთა უმრავლესობაც ჩვენი პეტრე გრუზინსკის ლექსებზე შეიქმნა. მისი ნამღერი ხომ არავისას ჰგავდა და საერთოდ... შეუძლებელია, ერთ მცირე მოგონებაში მოიცვა ამ დიდი მუსიკოსის შესაძლებლობების მასშტაბები და დიაპაზონი. ჰოდა, როგორც მისი გულმხურვალე ქომაგი, მეც ვცდილობდი, ყველა იმ სპექტაკლსა თუ კონცერტს დავსწრებოდი თბილისში, რომლებშიც იგი მონაწილეობდა და მახსოვს, ძალზე მიჭირდა ერთ ადგილზე გაუნძრევლად ჯდომა, რადგან როგორც კი მაესტრო დირიჟორობას, ან თუნდაც სიმღერას იწყებდა, ჩემზე უმალ გადმოდიოდა ამ გრძნეული ენერგიის მქონე მამაკაცის მუხტი და მეც ბატონ ჯანოსთან ერთად „ვცეკვავდი“, ოღონდ ის სადირიჟორო პულტთან ან მიკროფონთან, მე კი - ჩემს სკამზე... ხშირად დამიფიქსირებია ჩემს ირგვლივ მსხდომი საზოგადოების რეაქცია ჩემს „არასერიოზულ“ რეაქციებზე... ასე იყო და რა ვქნა?!
ჯანსუღ კახიძე, როგორც სრულიად გამორჩეული დირიჟორი, განთქმული იყო მთელ მსოფლიოში. მასთან თანამშრომლობდნენ მუსიკალური სამყაროს ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები, მათ შორის მსტისლავ როსტროპოვიჩი და ალფრედ შნიტკე, მიშელ ლეგრანი და როდიონ შჩედრინი, ელისო ვირსალაძე და ლექსო თორაძე, გიდონ კრემერი და ვლადიმერ სპივაკოვი, ელენა ობრაზცოვა და ზურაბ სოტკილავა, ევგენი კისინი და მრავალი სხვა „მოლაპარაკე“ სახელი, რომელთა ჩამოთვლა ძალზე შორს წაგვიყვანს. ბატონი ჯანსუღი ზეპირად დირიჟორობდა ურთულეს მუსიკალურ ნაწარმოებებს და როგორც ამბობენ, მას ზებუნებრივი მეხსიერება ჰქონდა.
ჯანსუღ კახიძემ შექმნა უამრავი შედევრალური სიმღერა, მათ შორის პეტრე გრუზინსკის ლექსებზე, რომლებიც ყველა ქართველმა ზეპირად იცის, აგრეთვე მუსიკა მრავალი მხატვრული თუ ანიმაციური ფილმისთვის, რომელთა შორის იყო: ელდარ შენგელაიას „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და „ექსპრეს-ინფორმაცია“, სერგო ფარაჯანოვის „ამბავი სურამის ციხისა“, კარლო სულაკაურის „საზამთრო“ და გიგა ლორთქიფანიძის „დათა თუთაშხია“, რომლებშიც კომპოზიტორის თანაავტორები იყვნენ მისი განუყრელი მეგობრები: გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე და მაესტროს ვაჟი, ცნობილი დირიჟორი და კომპოზიტორი ვატო კახიძე,
1991 წელს იტალიის ქალაქ ბუსეტოში გაიმართა რამდენიმე კონცერტი, რომლებსაც ბატონი ჯანო დირიჟორობდა. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ მისთვის უთხოვიათ, რომ საკუთარი სადირიჟორო ჯოხი ვერდის მუზეუმისთვის „დაეთმო“, რაზეც მაესტროს უთქვამს, რომ აღნიშნული „ჯადოსნური“ ინსტრუმენტი ევროპული გასტროლების გასაგრძელებლად სჭირდებოდა. სანამ მაესტრო „თავს იმართლებდა“, მისი ჯოხი, თურმე, სადღაც გამქრალა და მოგვიანებით მას ვერდის მუზეუმში, არტურო ტოსკანინის სადირიჟორო ჯოხის გვერდით დაუდევს ბინა.
1989 წელს ჯანსუღ კახიძის ინიციატივით შეიქმნა თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, რომელსაც, მაესტროს გარდაცვალების შემდგომ, „კახიძის მუსიკალური ცენტრი“ ეწოდა.
„თუ გინდა, სიმღერა შეინახო, ის ბავშვებს უნდა ასწავლო“, - თქვა გენიალურმა ანზორ ერქომაიშვილმა და ჯანსუღ კახიძემ მას „დაუჯერა“ და 2000 წელს, გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, ბიჭუნათა პირველი პროფესიული გუნდი ჩამოაყალიბა თბილისში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ჯანსუღ კახიძე გარდაიცვალა 2002 წელს და იგი დიდუბის პანთეონში დაიკრძალა. არადა... სულ რაღაც 66 წლისა იყო დიდი მაესტრო.
ჯანსუღ კახიძის მეუღლე გახლდათ პროფესორი ვანდა კაკაბაძე. იგი იყო პიანისტი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსი და, რაც მთავარია, ბატონი ჯანსუღის ერთგული თანამგზავრი და „თანამებრძოლი“, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა მაესტროს. უცებ წარმოვიდგინე, როგორ უმღერდა ხოლმე ბატონი ჯანო თავის საყვარელ ქალს:
„შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია,
ავადა ვარ, გულში ცეცხლი მინთია,
აქიმობას თუ გამიწევ, მადლია -
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია“.
ქალბატონი ვანდა ჯერ კიდევ აფხაზეთში გავიცანი, ბიჭვინთის ტაძარში გამართული კლასიკური მუსიკის კონცერტზე, რომელშიც მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები მონაწილეობდნენ.
ახლა კი ცოტას წავიტრაბახებ: ერთხელ ბატონ ჯანსუღს ჩვენს ოჯახშიც ვუმასპინძლეთ, თემიკო ჩირგაძესა და გურამ მელიავასთან ერთად და მერწმუნეთ, ის დღე არასოდეს დამავიწყდება. სწორედ იმ წვეულების დროს გაიხსენეს, როგორ სტუმრობდნენ ჩემი მამამთილი - ირაკლი ჭუმბურიძე, ბატონი ჯანსუღი და ქალბატონი ვანდა და მათი მეგობრები ჩვენი ნათესავის, ვახტანგ ჭიჭინაძის ოჯახს თერჯოლაში, სადაც ასწლოვანი მუხის ქვეშ „ჩარგული“ ქვევრის თავი მოუხსნიათ და ისეთი „საოცრებები“ დაუტრიალებიათ, თუ სიტყვა-პასუხით და თუ სიმღერებით, რომ თერჯოლელები, თურმე, რამდენიმე წლის განმავლობაში იხსენებდნენ იმ დღესა და ლეგენდარულ სტუმრებს. გარდა ამისა, ჩემი ძმა სწორედ იმ პერიოდში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის, ბატონ ზურაბ ლომიძის მოადგილე, როდესაც ბატონი ჯანო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, ამიტომ იქ მისულს, მაესტროც ხშირად მხვდებოდა და გული სითბოთი და მისდამი მოწიწებით მევსებოდა...
ახლა კი... ამ მოგონებას „საზამთროს“ მრავლისმეტყველი სიტყვებით დავასრულებ:
„რა კარგია ეს ქვეყანა -
ღამე წავა, დილა მოდის,
პაწაწინა თესლს ჩავაგდებ -
აბა ნახე, რა ამოდის?!“
P.S.: ბატონმა ჯანსუღმა მართლაც საამაყო შვილები და შვილიშვილები „მოიმკო“ და მინდა, რომ ვატოს, თამუსიას, თეკას და მათ მონაგარს გულწრფელად მივულოცო დიდი მამის, მამამთილის და ბაბუის დაბადების დღე.