logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: გენერალი ცდილობდა, მერაბი მოედრიკა და დროშა წაერთმია, მაგრამ მერაბს მაღლა ეჭირა იგი და კლდესავით ურყევად იდგა
- +

26 მაისი. 2021. 16:14

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი წერილიდან ნაწყვეტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

„1988 წლის გაზაფხულიც დადგა. ყველა მოუთმენლად ელოდა 26 მაისს, როდესაც თითქმის 65-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად უნდა გამართულიყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიტინგი, რომელზეც აფრიალდებოდა ეროვნული დროშა. მიტინგი დაიგეგმა მერაბის ეზოში, თუმცა, ოფიციოზი იმუქრებოდა, რომ აუცილებლად დაარბევდა მსგავს ღონისძიებას.

 

26 მაისს, დაახლოებით შუადღისას, მერაბ კოსტავას ეზოში შეგროვდა ასამდე კაცი, ძირითადად „ჰელსინკის“, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება – მეოთხე დასის“ და „ეროვნული სამართლიანობის კავშირის“ წევრები. მათ ჰქონდათ ერთადერთი დროშა, რამდენადაც იმჟამად ეროვნული დროშების სერიული წარმოება სულაც არ იყო თავისთავად ცხადი რამ.

 

მიტინგი მერაბმა გახსნა. ხელში დროშა ეჭირა და ისე საუბრობდა დღის მნიშვნელობაზე. რამდენიმე წუთში ეზოს შესასვლელთან განლაგდა ფარებითა და ხელკეტებით შეიარაღებული „ომონის“ რაზმი, ხოლო ეზოში მილიციის ოფიცერთა თანხლებით შემოაბიჯა გენერალმა შადურმა.

 

გენერალი ყოველგვარი ცერემონიების გარეშე მიეახლა მერაბს და უთხრა: „არა გრცხვენია, ამ ხნის კაცი ახალგაზრდობას ტვინს რომ ურევ?! ახლავე მომეცი დროშა!“ - თან დროშას წაეტანა, მაგრამ მერაბმა მაღლა ასწია და მკაფიოდ, ხმამაღლა შესძახა:

 

„გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“

 

ამასობაში მომიტინგეები მიწაზე დავსხედით. მე წინადადება შემოვიტანე, ერთმანეთისთვის ქამრებში წაგვევლო ხელი. ამგვარად შეჯგუფებული ხალხი თითქოს ერთიან მასად იქცევა და მისი დაშლა ძალზე ძნელია. რამდენადაც ქამარი ყველას არ ეკეთა, ხალხი ერთმანეთს ჩაებღაუჭა.

 

შადური კვლავ ცდილობდა, დაუფლებოდა დროშას, მერაბს რისხვა აღებეჭდა სახეზე. მას სწყინდა, რომ ტომით ქართველი გენერალი, თუნდაც საბჭოთა მილიციელის ფორმაში გამოწყობილი, ვერ აცნობიერებდა ეროვნული დროშის მნიშვნელობას და მისი შეურაცხყოფა განეძრახა.

 

„მომეცი დროშა!“ გენერალი ცდილობდა, მერაბი მოედრიკა და დროშა წაერთმია, მაგრამ მერაბს მაღლა ეჭირა იგი და კლდესავით ურყევად იდგა.

 

„გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს-მეთქი!“ კიდევ უფრო ხმამაღლა დაიძახა მერაბმა. გენერალი სიბრაზისაგან გამწვანდა.

 

„ძალები, ძალები მოიყვანეთ, გადაუარეთ!“ გასცა ბრძანება. ეზოში „ომონის“ რაზმი შემოიჭრა.

 

მიტინგი დაშალეს, მაგრამ საღამოს, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ეროვნულმა მოძრაობამ მერაბთან ერთად სათანადოდ აღნიშნა ეს დღე „ბერიკონში“.

 

იმ დღეებში ზვიად გამსახურდია მოსკოვში ხვდებოდა რონალდ რეიგანს“, – წერია მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილ წერილში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner