თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელიც ადგილობრივი დროით 14:00 საათისთვის არის დანიშნული.
თურქეთის სახელისუფლებო ძალების მეთაურის გენერალ უმიტ დუნდარის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამხედრო გადატრიალების 104 მონაწილეა ლიკვიდირებული. გენერლის თქმით, გარდაცვლილია 41 პოლიციის თანამშრომელი და 47 სამოქალაქო პირი. ჯამში დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.
თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.