„ქართულ ოცნებას“ წაგების უფლება არ აქვს, რადგან მისი წაგებით საქართველო წააგებს!
„ქართულო ოცნებავ“, არ გაბედო, 43%-ზე ნაკლები მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში! _ ასეთ მოწოდებას წავაწყდი ამასწინათ სოციალურ ქსელში.
ამ მოწოდებას მეც მინდა შევუერთო ხმა და ჩემი მხრიდან დავძინო _ „ქართულ ოცნებას“ უკან დახევის უფლება არა აქვს, რადგან მის ზურგს უკან ისეთი მგლები და ტურები არიან ჩასაფრებულნი, ქვეყანას ყელს გამოღადრავენ.
_ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 43%-ზე მეტი რომ მიიღოს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება ამას მოჰყვეს? ისევ დაიწყება საუბარი იმის შესახებ, რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც აუცილებლად მოჰყვება საპროტესტო აქციები „ნაცმოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.
ისევ უკიდურესად დაიძაბება სიტუაცია, ისევ გაჩნდება დესტაბილიზაციის და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რაც პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანს და ეს ძლივს დაშოშმინებული და დალაგებული მდგომარეობა ისევ დასალაგებელი შეგვექმნება.
ამიტომ, იქნებ, სჯობდეს, არ მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“ ეს თვითმმართველობის არჩევნები, რითაც დიდ სამსახურს გაუწევს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას. არ არის გამორიცხული, ასეთი მოსაზრებაც არსებობდეს. არც ის არის გასაკვირი, ჩვენი დასავლეთელი მეგობრებიც ფრთხილობდნენ, რომლებსაც, რაც მართალია, მართალია, ბევრი სიმწარე ვანახეთ და ბევრი ვარბენინეთ აქეთ-იქით, რომ ეს ბარიერგადალახული და ბარიერთან ერთად ნამუსგადალახული ოპოზიციური პარტიები როგორმე პარლამენტში შებრძანებულიყვნენ.
ცხადია, ახალ დავიდარაბაში და ახალ აყალმაყალში თავის გაყოფა არავის უნდა და ყველას ურჩევნია, ერთხელ აღებულ გეზს მიჰყვეს.
ეჭვი მაქვს, რომ ეს ხელოვნურად შეკოწიწებული ერთობა, ეს ზეწოლით და დირექტივებით მიღწეული თანხმობა კიდევ უფრო უარეს ჩიხამდე მიგვიყვანს, საიდანაც გამოსვლა შეიძლება შეუძლებელი გახდეს, თუმცა მერე რა, ჩვენ ხომ შეჩვეულები ვართ ასეთ ყოფას _ ერთი ჩიხიდან რომ გამოვალთ, მეორეში შევყოფთ თავს, მერე _ მესამეში და ასე ვცხოვრობთ ჩიხიდან ჩიხამდე.
პირველი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება არსებობდეს რაღაც წინასწარი სცენარი, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ მაინცდამაინც არ უნდა იაქტიუროს თვითმმართველობის არჩევნებში, მაშინ გაჩნდა, როცა კახა კალაძის სახელის გარშემო რაღაც უცნაური ჭორები დატრიალდა და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საკითხი, წარადგენდა თუ არა „ქართული ოცნება“ კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატად.
ხმები ვრცელდებოდა, კალაძე საერთოდ ტოვებს „ქართულ ოცნებას“ და ისრაელში გადადის საცხოვრებლადო.
ისრაელი იმიტომ სახელდებოდა, რომ ისრაელი არ გადასცემს თურმე მის ტერიტორიაზე მისი მფარველობის ქვეშ მყოფ პირს სხვა სახელმწიფოს, მათ შორის არც იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც შეიძლება ეს პირი იყოს.
დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა კალაძის ავადმყოფობის ამბავიც _ კალაძე, სინამდვილეში, ავად არ არის, ის, უბრალოდ, ჩამოაშორეს თანამდებობას და აიძულეს, სახლში დამჯდარიყოო.
ცოტა ხანში გაირკვა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილისგან შორს იდგა, თუმცა კახა კალაძე, ჯერჯერობით, მაინც არ წარუდგენიათ ოფიციალურად თბილისის მერობის კანდიდატად.
ამასობაში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ასეთი განცხადება გააკეთა: კახა კალაძეს დიდ პატივს ვცემ და მის საქმიანობას დადებითად ვაფასებ, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო.
ცდებით თქვენ, პატივცემულო, ზოგადად შეუცვლელი ადამიანებიც არსებობენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ამ კონკრეტულ მოცემულობაში კი კახა კალაძის კანდიდატურა სწორედაც რომ შეუცვლელია, რადგან, უეჭველია, კალაძე დიდი უპირატესობით მოუგებს ყველა კონკურენტს.
თუ ვინმეს ხელს აძლევს, რომ კალაძემ კენჭი არ იყაროს თბილისის მერობაზე, ეს არის ოპოზიცია, რომელსაც ნამდვილად არ ჰყავს ისეთი ფიგურა, რომელიც ღირსეულ მეტოქეობას გაუწევს კალაძეს.
კახა კალაძის მონაწილეობა თბილისის მერობის არჩევნებში, ეს ნიშნავს ოპოზიციის გარდაუვალ, გარანტირებულ დამარცხებას.
სწორედ აქ ხომ არ არის ძაღლის თავი დამარხული, აქ ხომ არ იმალება გასაღები იმ ორჭოფული ვითარებისა, რაც ბოლო ხანებში კახა კალაძის გარშემო შეიქმნა?
იმის გამო, რომ ოპოზიცია სუსტი და არაკონკურენტუნარიანია, მმართველი გუნდი ხომ ვერ დაიწყებს საკუთარი ძალების ხელოვნურად შეზღუდვას და ხელებზე ბორკილების დადებას, რომ ოპოზიციამ როგორმე წარმატებას მიაღწიოს?
გამარჯვება თბილისში, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს, მნიშვნელოვანი და საჭიროა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გამარჯვება პარტიის საერთო ყულაბაში სერიოზულ წვლილს შეიტანს, არამედ იმიტომაც, რომ ამ გამარჯვებით კიდევ ერთხელ გაქარწყლდება ოპოზიციის მიერ შემოგდებული ვერსია, თითქოს 31 ოქტომბრის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა.
ვთქვათ პირდაპირ და გულახდილად: „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ბევრი ღირსეული და კვალიფიციური წევრი ჰყავდეს, მაგრამ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეზე უკეთესი კანდიდატი ნამდვილად არ ჰყავს.
ეს ფაქტია და ამ ფაქტის იგნორირებამ შეიძლება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები უკიდურესად გააღიზიანოს და ამ გაღიზიანებამ არა მარტო თბილისში, არამედ სხვაგანაც, უარყოფითი როლი ითამაშოს.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები.
ამ არჩევნებში, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქვეყნის მომავალი, მისი განვითარების პერსპექტივები დევს სასწორის პინაზე.
მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესებზე, ცხადია, „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პოლიტიკურ ძალას, ეკისრება.
სწორეს ის არის მთავარი პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე, ქართველი ხალხი კი არც „ქართული ოცნების“ ან „ნაცმოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები არიან მხოლოდ, ქართველი ხალხია ის მილიონამდე ადამიანიც, რომელსაც 31 ოქტომბერს არც „ქართული ოცნებისთვის“ მიუცია ხმა და არც ოპოზიციისთვის, მაგრამ არა იმიტომ, რომ საქართველო არ უყვარს და საქართველოსთვის გული არ ეწვის…
„ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია მის წინააღმდეგ ყველაზე რადიკალურად, ყველაზე აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების წინაშეც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო დღეს შეცდომებს უშვებენ არჩევანში, მაგრამ ხვალ და ზეგ აუცილებლად გამოერკვევიან და თუ ვინმესთან ექნებათ პრეტენზიები, პირველყოვლისა, ექნებათ „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც ამ შეცდომებისგან მათი დაზღვევა და დაცვა ვერ მოახერხა.
„ქართულ ოცნებას“ წაგების უფლება არ აქვს, რადგან მისი წაგებით საქართველო წააგებს…
ვახტანგ ხარჩილავა