logo_geo
eng_logo
„თუ გადატრიალება ფეთჰულა გიულენს უკავშირდება, ჩვენს სტრუქტურებს მართებთ ყურადღება“
- +

16 ივლისი. 2016. 14:52



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ ჭკუასელი „რეპორტიორთან" საუბარში თურქეთში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდია როგორც თვითონ რეგიონისთვის, ისე თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.


„თურქეთში მიმდინარე პროცესები, საერთოდ, რეგიონისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია დაწყნარდება. ძალადობით მოსული ძალა ყოველთვის საშიშია, შეიძლება, ძალიან მკვეთრად შეცვალოს პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებიც ჰქონდა გაკეთებული, როცა ამბობდა, რომ ყველაფერი ისევ ისე დარჩებოდა, როგორც იყო.

 

გარდა ამისა, თუ მიმდინარე მოვლენებით ვიმსჯელებთ, თურქეთში ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს მათ ფსიქიკაზე. ასევე, თურქეთი ტრანზიტული ქვეყანაა და საქართველოს ბევრი მოქალაქე გადაადგილდება სხვადასხვა ქვეყანაში თურქეთის გავლით. ყველანაირად ცუდია ის, რაც თურქეთში ხდება. ვისურვოთ, რომ მალე დამშვიდდეს არსებული სიტუაცია", - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.

 

აქვე, თემურ ჭკუასელი საუბრობს თურქეთის გადატრიალების სავარაუდო ორგანიზატორის ფეთჰულა გიულენის საქართველოსთან კავშირზე.

 

„საქართველოზე მოახდენს თუ არა რაიმე გავლენას თურქეთში მიმდინარე პროცესები, ამის განსაზღვრა ძალიან რთულია. როგორც ეჭვი აქვთ, თუ აღნიშნული გადატრიალება მართლაც ფეთჰულა გიულენს უკავშირდება, შემიძლია გითხრათ, რომ გიულენი იმ თურქული სკოლების უკან დგას, რომლებიც საქართველოშია გახსნილი. ეს ყველაფერი გვაძლევს დაეჭვების საშუალებას, რომ არ განვითარდეს მორიგი სეპარატიზმი საქართველოში და ამას სჭირდება გარკვეული სტრუქტურების ყურადღება", - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner