NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ბელარუსის მიერ „Ryanair“-ის თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ტელეკომპანია „Sky News“-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთსა და ბელარუსს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ და ამიტომ რთული დასაჯერებელია, რომ ბელარუსის რეჟიმს რამე მსგავსის გაკეთება რუსეთთან კოორდინაციის გარეშე შეეძლო“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
26 მაისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ბელარუსში ავიაკომპანია „Ryanair“-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვება და ჟურნალისტი რომან პროტასევიჩის დაკავება დაგმო.
23 მაისს „Ryanair“-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.